„ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებულების საქმეზე სახელმწიფო სასამართლოზე ზეწოლას ახდენს“
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ასეულობით ფერმერს სიმინდის თესლი მიჰყიდეს. ფერემერების მტკიცებით, მოსავალი ვერ მიიღეს, რადგან უხარისხო აღმოჩნდა.
ფერმერების ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი აცხადებს, რომ ჰიბრიდული სიმინდის უხარისხობა ლაბორატორიულადაც დამტკიცდა. ორი ინსტანციის სასამართლომ ჰიბრიდული სიმინდის თესლით დაზარალებული ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის კორპორაციას 86 000 ლარის გადახდა დააკისრა. კორპორაციამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უმაღლეს ინსტანციაში გაასაჩივრა. საქმის განხილვა ხვალ არის ჩანიშნული. ადვოკატი ირკალი უტიაშვილი ირწმუნება, რომ სახელმწიფო ზეწოლას ახდენს უზენაეს სასამართლოზე, რათა ნინო გვენეტაძის უწყებამ შეცვალოს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება. მისივე მტკიცებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა დაზარალებულ ფერმერებს კომპენსაცია არ აუნაზღაუროს.
„ფერმერებს ჰიბრიდული სიმინდის თესლი დაურიგდათ კონსიგნაციის წესით. თანხა ფერმერებს უნდა გადაეხადათ 2011 წლის შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ, მაგრამ თესლი გამოდგა უხარისხო და ვერავინ ვერ შეძლო მოსავლის აღება. სახელმწიფო ფერმერებს შეპირდა კონსიგნაციის სახით შეძენილი სიმინდის თესლის ღირებულების ჩამოწერას, მაგრამ 2014 წლის დასაწყისიდან სოფლის მეურნების კორპორაციამ უჩივლა ფერმერებს სასამართლოში და მათგან მოითხოვა სიმინდის თესლის ღირებულების გადახდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა კორპორაციის სარჩელი, რადგან დაადგინა, რომ სიმინდის მარცვალი იყო უხარისხო. ფერმერებმა, რომლებსაც ჰუბრიდული სიმინდის თესლში უკვე გადახდილი ჰქონდათ თანხა, აქეთ უჩივლეს კორპორაციას და მოითხოვეს გადახდილი თანხის,ზარალისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, რაც საერთო ჯამში 131 000 ლარს შეაადგენდა. ორმა ინსტანციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და სასამართლომ კორპორაციას ფერმერებისთვის მხოლოდ თესლში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა, რაც 86 000 ლარს შეადგენს. სოფლის მეურნეობის კორპორაციამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილევა გაასაჩივრა უმაღლეს ინსტანციაში. თუ ძალაში დარჩება ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სახელმწიფოს ფერმერებისთვის მოუწევს 86 000 ლარის ანაზღაურება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ფერმერებს არ აუნაზღაუროს თანხა და სასამართლოზე ახდენს ზეწოლას, რათა სასამართლომ დასაშვებად სცნოს სახელმწიფოს სარჩელი“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი უტიაშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, თუ ქვედა ინსტანციაში რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ არის, უზენაესი სასამართლო პროცესს არ ნიშნავს და საჩივარს ტოვებს განუხილველად.
“ასეთ საქმეს ზეპირი მოსმენით უზენაესი სასამართლო იშვიათად განიხილავს. ის საქმეებს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ჩათვლის, რომ ორი ინსტანციის გადაწყვეტილებაში დარღვევებია. ჩემი აზრით, რადგან ჩაინიშნა ზეპირი მოსმენა, არ არის გამორიცხული, უზენაესმა სასამართლომ შეცვალოს გადაწყვეტილება”, – ამბობს უტიაშვილი.
სოფლის მეურნეობის კორპორაციაში კი ამბობენ, რომ უზენაესმა სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქმის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. კორპორაციის ადვოკატი მირიან გელაშვილი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფოს ბრალეულობას დაამტკიცებს. ადვოკატი ირწმუნება, რომ ლაბორატორიული დასკვნა, რომელიც საქმეში მოსარჩელე მხარის ერთადერთი მტკიცებულებაა, არის აბსურდული.
„უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ფიქრობს, რომ პირველ და მეორე ინსტანციაში ლაბორატორიის დასკვნა, ჰიბრიდული სიმინდის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, სათანადოდ არ არის გამოკვლეული. დასკვნა არის აბსურდული, რადგან არსებითი საკითხები არ არის შესწავლილი, მაგალითად, რა პირობებში ინახებოდა ჰიბრიდული სიმინდის თესლი ორი წლის განმავლობაში. 2011 წელს ფერმერებს დაურიგდათ სიმინდის თესლი. ლაბორატორიული ანალიზი ჩატარდა 2013 წელს. გამოსაკვლევია, იყო თუ არა ფერმერებისთვის დარიგებული ის თესლი, რაც ლაბორატორიას გადაეცა. დასადგენია ამ ორი წლის განმავლობაში ეს თესლი იყო თუ არა იმ პირობებში, რომელიც მის ხარისხზე გავლენას არ მოახდენდა“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას მირიან გელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ლაბორატორიულ დასკვნაში არ არის დაზუსტებული, იყო თუ არა ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლი, რომელიც შეამოწმეს. გელაშვილისთვის გაუგებარია, თუ რეალურად ფერმერები დაზარალდნენ, რატომ დააკისრა სასამართლომ სახელმწიფოს მხოლოდ თესლში გადახდილი თანხის ანაზღაურება.
„ამავე დროს პარადოქსია ის, რომ ლაბორატორიამ არ იცის შეამოწმა თუ არა ჰიბრიდული სიმინდის თესლი. ორივე ინსტანციის სასამართლოს დასკვნაში კი წერია, რომ ლაბორატორიის მიერ შემოწმებული სიმინდი არის ჰიბრიდული ჯიშის. ეს პარადოქსია. თუ რეალურად ზიანი მიადგათ ფერმერებს, მაშინ სასამართლოს სოფლის მეურნეობის კორპორაციისთვის თესლში გადახდილი თანხის, ზარალისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება უნდა მოეთხოვა და არა მხოლოდ თესლში გადახდილი თანხის ანაზღაურება. ამ საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობაა. მოსარჩელე მხარის მტკიცებულება არის მხოლოდ ლაბორატორიული აბსურდული დასკვნა“, – ამბობს გელაშვილი.
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ასეულობით ფერმერს სიმინდის თესლი მიჰყიდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიყიდა 3 847 092 ლარის ღირებულების სიმინდის თესლი, საიდანაც სასამართლო და სააღსრულებო პროცესების დაწყებამდე ფერმერთა მიერ ჩარიცხულმა თანხამ (მათ შორის საბანკო გარანტიით მიღებულმა თანხამ) შეადგინა 3 462 825 ლარი.