პრემიერი – გენდერული კვოტირება ქალთა ჩართულობის გაზრდას შეუწყობს ხელს
გიორგი კვირიკაშვილის აზრით, სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესება ხელს შეუწყობს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა ჩართულობის გაზრდას. მთავრობის მეთაურის თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
„გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაცაა. „საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მსჯელობს, ვფიქრობ, ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ ინიციატივას. როგორც ირაკლი შიოლაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, საარჩევნო სიის ფორმირების დროს არ უნდა გათვალისწინებული გენდერული ფაქტორი.
„არ შეიძლება კანონში ჩავდოთ ნორმა, რომ რადგან ქალბატონია, უნდა მოხვდეს პარლამენტში. ჩემი აზრით, ეს ქალბატონებისთვის შეურაცხმყოფელიც არის”, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი შიოლაშვილმა.
2017 წლის 12 ივნისს, 37 455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.