საგარეჯოს პოლიცია დედის მიერ ჩვილის შესაძლო მკვლელობის საქმეს იძიებს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველო დედის მიერ საკუთარი ჩვილის შესაძლო მკვლელობის საქმეს იძიებს. ინფორმაციას ტელეკომოანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რომელიც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომლის დასკვნა დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი.
„ამ ეტაპზე ჩვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომლის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი მოკლა თუ არა დედამ საკუთარი შვილი. ჩვილი ნამდვილად დამარხული იყო იმ სახლის ეზოში, სადაც მისი დედა ცხოვრობს. არსებობს ვერსია, რომ ჩვილი დედამ დამარხა“, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გარდაცვლილი ჩვილის დედა ახლა საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოშია. ექიმები ამბობენ, რომ ქალი ძლიერი სისხლდენით მიიღეს და რამდენიმე დღეა, რაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მედიკოსები ადასტურებენ, რომ საქმე კრიმინალურ ისტორიას ეხება და ახალგაზრდა ქალი პოლიციამ უკვე დაკითხა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფოტო. ეზო, სადაც დამარხული იყო ჩვილი