ყვარელში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა
ღონისძიება გაიმართა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და ,,ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ყვარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დასუფთავდა თელავი-ლაგოდეხის გზატკეცილის სანაპირო ზოლები, ყვარლის ტბასთან დამაკავშირებელი გზა და თელავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.
,,აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 110-მა მოხალისემ, რომელთა დახმარებითაც დასუფთავდა დაახლოებით 10 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 35 მ3 მოცულობის ნარჩენი’’, – განუცხადეს Knews.ge-ს აქციის ორგანიზატორებმა.
დასუფთავების აქციები ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“.
პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.