თბილისი ქალთა გაძლიერების კვირეულს უმასპინძლებს
როგორც knews.ge – ს ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, წარმატებული ქალების ისტორიები, რომელთაც კონფერენციის გამომსვლელები წარადგენენ, სტიმულის და შთაგონების მიმცემი იქნება ყველა მონაწილე ქალბატონისთვის.
წინა წლებში დაგროვილმა გამოცდილებამ და საზოგადოების მხრიდან მზარდი ინტერესის ტენდენციამ განაპირობა ღონისძიების ფორმატის შეცვლა.წელს უკვე კვირეულის სახით ჩატარდება ღონისძება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაში. კვირეულის მიზანია ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში.
ღონისძებაზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ნომინაციაში – ლიდერი ქალი ბიზნესში, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ასევე გაიმართება გამოფენა, სადაც მეწარმე ქალები წარადგენენ თავიანთ კომპანიას და/ან პროდუქციას. შეხვედრას გახსნის USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, ვერონიკა ლი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. პარალელურად გაიმართება მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა.
ღონისძიებაზე გამოვლინდებიან წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში. ღონისძიება 27-30 მარტს გასტანს.