ახალი ამბები

ირინა ფრუიძე – სავალდებულო გენდერული კვოტირება არის დროებითი მექანიზმი

მისი განცხადებით, საქართველოს სავალდებულო გენდერული კვოტირების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია. 
ფრუიძე კანონმდებლებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 
„საქართველოსთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, დაწესდეს დროებითი მექანიზმის კვოტირების სისტემა, რომ მიღწეულ იქნეს თანასწორი პოლიტიკური შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, რათა არ იწვევდეს შიშს კვოტირებაზე საუბარი. მე იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგა მამაკაცები მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“, – განუცხადა knews.ge-ს ირინა ფრუიძემ.
საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. 
პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს. 
როგორც ცნობილია, გასულ კვირას მმართველმა გუნდმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილა. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შედგა შეთანხმება კანონპროექტის იმგვარად კორექტირებაზე, რომ უშუალოდ პარტიულ სიაში (პროპორციული სისტემით) ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს, ხოლო მაჟორიტარულ ოლქებთან მიმართებაში – ყოველი მეექვსე მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან სულ მცირე 12 მაჟორიტარულ ოლქში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის წარდგენა მოუწევს.
2017 წლის 12 ივნისს, 37 455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.