ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
კლვევითი პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება და მას კომპანია RMG აფინანსებს. სამეცნიერო მისიას კი არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ხელმძღვანელობით ა(ა)იპ ,,ფონდი ძველი შუამთა” ახორციელებს. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ინფორმაციით, ისტორიულიცნობებით და სამუშაოების პირველივე ეტაპზე ნათლად ჩანს, რომ ტერიტორიაზე სამონასტრო ისტორიული კომპლექსი მდებარეობს.
“ნივთიერი მტკიცებულებებით შეივსება წერილობით ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაცია ძველი შუამთაის მონასტრის შესახებ აქ აღმოჩენილი სამონასტრო კომპლექსის განლაგების ნახვით. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდება ახალი სარესტვრაციო- სარეაბილიტაციო პროექტი. ამ სამუშაოების დროს ჩვენთვის ბევრი უცნობი ფაქტი უნდა აღმოჩნდეს, რაც დაგვეხმარება კონკრეტულად მონასტრის ისტორიის შედგენაში და სარესტავრაციო საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების მოძიებაში“, – აღნიშნა მეუფე დავითმა.
არქეოლოგიური კვლევის პროცესი 2018 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. სამუშაოებისთვის კომპანია RMG-მ 25 000 ლარი გამოყო.
„15 დღეა სამუშაოები მიმდინარეობს და უკვე გვაქვს გარკვეული შედეგი. ძველ შუამთაში მე-11 საუკუნიდან დაწყებული გალავნის ფრაგმენტები გამოჩნდა. არის მე-16 საუკუნის სამშენებლო ფენებიც, რაც ბევრ ახალს იტყვის შუამთის განვითარებაში“, – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ.