ირინა ფრუიძე – საჯარო მმართველობა უნდა გახდეს უფრო ღია და ანგარიშვალდებული
ირინა ფრუიძის ინფორმაციით, 2017 წელს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მეორე სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომელიც დაფუძნებულია 4 ძირითად პრინციპზე: გამჭვირვალობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, ტექნოლოგიები და ინოვაციები.
„ღია მმართველობის პარტნიორობა არის მსოფლიო ინიციატივა, რომელიც ბარაკ ობამამ დაიწყო 2010 წელს და საქართველო 2014 წელს შეუერთდა. გვინდა, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იყოს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ჩვენ საზოგადოებასთან დავიწყეთ შეხვედრების ციკლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა წარვადგინოთ ღია მმართველობის გეგმა. ღია მმართველობა დაფუძნებულია 4 ძირითად პრინციპზე: საზოგადოების ჩართულობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება. აღნიშნული 4 მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, რათა საჯარო მმართველობა გახდეს უფრო ღია, ანგარიშვალდებული და საზოგადოება იყოს უფრო მეტად ჩაერთული“, – განუცხადა knews.ge-ს ირინა ფრუიძემ.
ღია მმართველობის შესახებ საინფორმაციო კამპანია თელავიდან დაიწყო, რომელიც საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით იმართება.