ირაკლი კობახიძე – თვითმმართველობების უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს
ირაკლი კობახიძის თქმით, შესამუშავებელია დეცენტრალიზაციის სტრატეგია, სადაც რეფორმის ძირითადი მიმართულებები აისახება.
,,თვითმმართველობის უფლებამოსილებები არის შეზღუდული. მათი რესურსები და ამოცანა უნდა იყოს ამ უფლებამოსილებებისა და რესურსების არსებითი გაფართოება. ჩვენ გვინდა, რომ ეს გაკეთდეს საშუალოვადიან პერსპექტივაში. სამწუხაროდ რამდენიმე წელიწადი დავკარგეთ. ვგულისხმობ ბოლო წლებს, როდესაც შესაძლებელი იყო ასეთი სტრატეგიის შემუშავება და მისი თანმიმდევრული განხორციელება. წლის ბოლომდე დეცენტრალიზაციის ერთიანი დოკუმენტი დამტკიცდება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისად თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება და მათი რესურსების, ფინანსური, ქონებრივი და სხვა რესურსების გაძლიერება“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თვითმმართველობის რეფორმა კომპლექსურად უნდა განხორციელდეს.
,,რაც გასულ წლებში არსებობდა სისტემაში, ის უნდა გამოსწორდეს. სწორი მიდგომის შემთხვევაში ყველა საკითხი გადაიჭრება. თვითმმართველობა უნდა აღიჭურვოს მეტი კომპეტენციითა და ადამიანური რესურსი უნდა გადამზადდეს. ცვლილებების გარეშე რეფორმის განხორციელება ვერ მოხდება. საშუალო ვადიან პერსპექტივაში განვითარება ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველი ბიუჯეტები 3-4 ჯერ გაიზრდება“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია სამ მიმართულებაზე იქნება აგებული და რვა წელზე იქნება გათვლილი. მისივე თქმით, აქტიური მუშაობა დაიწყება საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზეც.