პროექტ „დანერგე მომავალს“ სუფრის ყურძნის და ფისტას წარმოების კომპონენტი დაემატება
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„პროექტი „დანერგე მომავალი“ უკვე სამი წელია წარმატებით ხორციელდება. ეს გახლავთ მაღალპროდუქციული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს – 4 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები. სახელმწიფო აფინანსებს ნერგების საფასურის 70%-ს და, ასევე, წვეთოვან სარწყავ სისტემაზე 50%-იანი გრანტი გათვალისწინებულია. დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაში არის ჩართული. ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებთ 2 ახალ კულტურას: სუფრის ყურძნის წარმოებას და ფისტას კულტურას, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოს ბაზრებზე. საქართველოში არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ფისტას წარმოებისთვის. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, სუფრის ყურძენი თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის. მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ჯიშების წარმოება და ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.