მონიტორინგის სისტემების მეშვეობით შესაძლებელი გახდება ფაროსანას გავრცელების იდენტიფიცირება
როგორც knews.ge-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემის შემუშავება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებააზიური ფაროსანას გავრცელების იდენტიფიცირება.
,,ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და რეგიონულ სამსახურებს ვაწვდით საჭირო ინფორმაციას. მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსდება მონიტორინგის სისტემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება აზიური ფაროსანას გავრცელების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება”, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია.
,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე მიიჩნევს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აუცილებელია შემუშავდეს ერთიანი ხედვა და სტრატეგია.
,,თუ არ იქნება ერთიანი ხედვა და არ განხორციელდება ერთიანი პრევენცია, ძალიან გართულდება. აქედან გამომდინარე სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ყველა ჩართული ორგანიზაცია ერთნაირად დაიწყებენ ფაროსანასთან ბრძოლას, რაც თავის მხრივ იმას გულისხობს, რომ ინფორმაცია სწორად იყოს მიწოდებული ფერმერამდე, რათა ყველამ ერთად მოახდინოს პრევენცია. ძალიან რთულია წინასწარ განჭვრიტო მასშტაბური იქნება თუ არა. შარშან ვნახეთ, რომ ძალიან სერიოზული ზარალი მიაყენა, არაა გამორიცხული, რომ წელსაც მიაყენოს ზარალი”, – ამბობს ნინო ზამბახიძე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად მოხალისეთა კორპუსის შექმნასაც გეგმავს.