ახმეტაში ეთერზეთების საწარმო აპრილში გაიხსნება
ზურაბ ნაცვლიშვილის ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაცია ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. საწარმო პროდუქციას საფრანგეთში, გერმანიაში, ბრიტანეთში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გაიტანს. მისივე ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 6 ტონა ეთერზეთის წარმოებას აპირებს.
„პროდუქტის 100%–ს ექსპორტზე გავიტანთ. ჩვენ ეთერზეთებს მივაწვდით ევროკავშირის ქვეყნებში მდებარე საწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა ეთერზეთთან დამუშავების შემდეგ პროდუქციას კოსმეტიკურ, ფარმაცევტულ კომპანიებს გადასცემენ. ამის შემდეგ კომპანიები საბოლოო საცალო პროდუქტს გამოუშვებენ სუნამოს, კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით. ევროპის ბაზრის მოთხოვნებზე მაქვს დეტალური ინფორმაცია. საწარმო აღიჭურვება ევროპული სტანდარტებით, რათა ჩვენ დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის ბაზრის სტანდარტები“, – განუცხადა knews.ge-ს ზურაბ ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, კოსმეტიკურ საშუალებებში გამოსაყენებელი ეთერზეთების გარდა, კომპანიაში ცხოველების, ფრინველების, თევზების საკვები და თექის ტანსაცმელს აწარმოებენ.
„აგრო არომას“ დირექტორის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებას სავარაუდოდ 1 მილიონი დოლარი დასჭირდება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ინვესტიცია გაიზარდოს.
კომპანია „აგრო არომამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში ეთერზეთების, ცხოველების, ფრინველების და თევზის საკვების საწარმოს მშენებლობა 2016 წლის ივლისში დაიწყო.