აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მაისიდან დაიწყება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, წამლობა განხორციელდება სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, ”მოიზიდე და მოკალის“ სადგურების დამონტაჟებით.
”არასწორი ინფორმაციები გადის, რომ წამლობა ახლა არის საჭირო. ახლა ფაროსანა ბუნებაში ფიზიკურად არ არის გამოსული. ის არის მწვანე მასისა და ნაყოფების მავნებელი. ჯერ ადრეა მისი გამოსვლა. მავნებლის გამოსვლას ველოდებით აპრილის მეორე ნახევრიდან. უნდა შეჯვარდეს, დაიდოს კვერცხი და კვერცხიდან გამოიჩეკოს ნიმფები, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ვახორციელებთ ღონისძიებებს. წამლობა გათვალისწინებულია ერთი მილიონი ჰექტარის ფართობის მიწაზე. საქართველოში არსებული ყველა კულტურა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, შეიწამლება”, – განაცხადა ლიპარტიამ.
მისივე თქმით, „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ მონტაჟდება ან მაგრდება ხეზე 4-5 ფერომონი, რომელიც იზიდავს მწერს.
”ეს სადგური კვირაში ერთხელ ინტენსიურად იწამლება. არ არის საჭირო პლანტაციის მთლიანად შეწამვლა. რამდენიმე სადგური შესაძლოა განთავსდეს ბაღში, შეიწამლოს კვირაში ერთხელ და ეფექტი მივიღოთ”, – აღნიშნა ლიპარტიამ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად მოხალისეთა კორპუსის შექმნას გეგმავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მოხალისეთა კორპუსი, სავარაუდოდ, აპრილიდან ჩამოყალიბდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თუმცა მასში, ძირითადად, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შევლენ.
ხანიშვილის ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და სკოლების უფროსკლასელებს საზოგადოებისთვის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაევალებათ.
აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე გაზაფხულზე კახეთსაც ემუქრება. ფერმერებმა ფაროსანა წელს რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შენიშნეს. მოსახლეობის აზრით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფები, რომლებიც, მწერის გავრცელების შემთხვევაში, მისი განადგურებისთვის აქტიურად იმუშავებენ.
,,თუ არ გატარდა პრევენციული ღონისძიებები, კახეთში მეტია ხილი და მთლიანად განადგურდება. ზარალი იქნება დიდი’’,– განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის მკვიდრმა, ნაზიბროლა ხაჭაპურიძემ.