სტატიები

სასოფლო-სამეურნეო განვითარების ბანკი პროექტებს დააფინანსებს

„კარგი იქნება, შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო განვითარების ბანკი ან ფონდი, ამ იდეის ინიცირებას პარლამეტში უახლოეს ხანში ვაპირებთ. ალტერნატიული დაფინანსება საჭიროა არა მხოლოდ სასოფლო, არამედ ზოგადად ინდუსტრიული პროექტების განსავითარებლად. გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ ის რესურსები, რომლებიც სოფლის მეურნეობის დაფინანსებას სჭირდება, იყოს სახელმწიფოს ხელში. კოოპერატივებიც და ფერმერებიც უფრო გეგმაზომიერად მიიღებენ დაფინანსებას. მსგავსი მიდგომა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია”, – ამბობს პარლამენტის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი.

აგროსექტორში დასქმებული ფერმერები სამუშაოების გასაგრძელებლად დაბალპროცენტიან სესხებს წლებია ითხოვენ. ისინი დახმარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვენ. 

,,ჩემი ოჯახი სოფლის მეურნეობას 30 წელია მისდევს. ინფორმაცია არ გვაქვს სახელმწიფო პროგრამებზე, ყველა ფერმერისთვის პრობლემაა დაბალპროცენტიანი სესხების ხელმისაწვდომობაზე. იაფი კრედიტები ფერმერებს დაეხმარება საკუთარი მეურნეობის განავითარებაში . ჩვენ გვჭირდება დახმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან, რომ მოგვცენ დაბალპროცენტიანი სესხი, რათა ფერმერებმა არ მიანებონ თავი სოფლის მეურნეობას, ყველას ვაჭრობა არ შეუძლია”, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას გურჯაანში მცხოვრები ბაგრატ მინდიაშვილი.

ექსპერტები აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი ბევრი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. სპეციალისტები ყურადღებას ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენ­ციალზე ამახვილებენ და მიიჩნევენ, რომ განვითარებული სოფლის მეურნეობა შეიძლება, გადაიქცეს იმ ძრავად, რომელიც ეკონომიკას განავითარებს. 

,,დარგის შემდგომი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისთვის, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზება, მიუხედავად იმისა, რომ დარგის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. პრაქტიკულად მწარმოებელთა საშუალო ფენა ვერ ღებულობს სახელმწიფო პროგრამებით დიდ სარგებელს, არადა სწორედ ეს ფენა ქმნის ყველაზე მეტ პროდუქტს ყველა ქვეყნის ეკონომიკაში“, – განუცხადა knews.ge-ს სოფლის მეურნეობის ექსპერტმა პაატა კოღუაშვილმა.