ლავანდის პირველი პლანტაციები სოფელ ნუკრიანში
„ლავანდის გაშენება სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში სამი წლის წინ დავიწყეთ. დაუვიწყარი და საუცხოო სანახავია აყვავებული ლავანდა. თავბრუდამხვევი სურნელი აქვს, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება. იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობდა არცერთი პლანტაცია, რომელშიც შევძლებდით ლავანდის ნერგების შეძენას, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეზარდა ნერგები თესლებიდან. შევიძინეთ თესლები, რომლებიც შევაგროვეთ ჩილესა და საფრანგეთში და დავთესეთ ტორფიან ტაბლეტებში. 2015 წლის გაზაფხულზე ამოზრდილი ჩითილები გადავიტანეთ ქოთნებში და მთელი გაზაფხული გაატარეს ორანჟერიაში, ხოლო შემოდგომაზე უკვე გაძლიერებული 4 000 ნერგი გაიგზავნა მოსამზადებელ 1 ჰექტარის ფართობის პლანტაციაზე. 2015 წლის სექტემბერში ლავანდის პირველი ჩითილები დავრგეთ ნიადაგში. დაახლოებით 70-იან წლებში საქართველოში ლავანდა ძალიან პოპულარული მცენარე იყო. თელავში იყო მინდორი, სადაც იზრდებოდა ლავანდა. სამწუხაროდ, ეს საქმიანობა გაქრა და ამ ეტაპზე ლავანდა ასეთი დიდი რაოდენობით საქართველოში მხოლოდ ჩვენ მოგვყავს“, – განუცხადა knews.ge-ს “ნუკრიანის ლავანდის” პროექტის მენეჯერმა, ნელი გვაზავამ.
ისტორიკოსები ლავანდის ევროპაში გავრცელებას რომაელებს მიაწერენ. რომაელები ლავანდას დასაბანად, საპნის ნაცვლად იყენებდნენ. ეპიდემიების დროს რომაული ქალაქების ქუჩებში ლავანდის გამხმარ ტოტებს წვავდნენ და სჯეროდათ, რომ მისი კვამლი იხსნიდა ქალაქის მოსახლეობას, გააქრობდა სიმყრალეს და დააფრთხობდა ავ სულებს. როგორც ამბობენ, სწორედ აქედან მოდის ლავანდის ლათინური დასახელების Lavandula ფუძე lavare, რაც ლათინურად „გასუფთავებას, რეცხვას“ ნიშნავს. ნელი გვაზავა აღნიშნავს, რომ ლავანდა ბუნებაში 10 წლის განმავლობაში ყვავილობს.
„ლავანდა ბუნებაში ათი წლის განმავლობაში ყვავილობს და ამ ხნის მანძილზე ერთნაირად ლამაზია. არ არის პრეტენზიული და რთულად მოსავლელი მცენარე. საქართველოში იმდენად კარგი ნიადაგი, ჰავა და ბუნებრივი პირობებია, რომ ლავანდა თავისუფლად იზრდება. მას სჭირდება მზე, არ უყვარს ბევრი წყალი, არის გვალვაგამძლე. არ მოსწონს მჟავე ნიადაგი. იშვიათად ავადდება და უჩნდება მავნებლები. ლავანდის გამრავლება თესლით დავიწყეთ, ამიტომ ყვავილობის პერიოდი ცოტა გახანგრძლივდა“, – აღნიშნავს ნელი გვაზავა.
„ნუკრიანის ლავანდის“ მენეჯერი ამბობს, რომ ლავანდა კოსმეტიკურ საშუალებებთან, საპონთან და შამპუნთან ასოცირდება, თუმცა ლავანდას უამრავი სამკურნალო თვისებებიც გააჩნია.
„ჩვენი ლავანდა აბსოლიტურად ორგანული და ეკოლოგიურად სუფთაა, რადგან არ გამოგვიყენებია ჰერბიციდები და სასუქი. ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ მაღალხარისხინი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ეს არომატული, იასამნისფერყვავილებიანი, დატოტვილი ბუჩქი კოსმეტიკურ საშუალებებთან, საპონთან და შამპუნთან ასოცირდება. ლავანდის კოსმეტიკას აქტიურად იყენებენ ბავშვების მოსავლელად. ლავანდას უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. ლავანდას აქვს ძალიან კარგი დამამშვიდებელი თვისება. თუ ადამიანს აწუხებს უძილობა, შფოთვა, ნევროზი, ლავანდის ჩაის დალევა ძილის წინ ძალიან სასარგებლოა. ლავანდა გამოიყენება ბრონქიტის, ხველების დროს. თუმცა მისი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შიძლება, რადგან აქვს უკუჩვენებები. ლავანდის ჩაის მიღება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აწუხებს მაღალი წნევა, აქვს რაიმე სახის პათოლოგია, ალერგია და ა.შ.“, – ამბობს გვაზავა.
გვაზავა ამბობს, რომ პროექტი ხელოვანებს, რომლებიც ამზადებენ ხენაკეთ ნივთებს, სთავაზობს პროდუქციის რეალიზაციაში ხელშეწყობას.
„ორი თვეა გავხსენით ინტერნეტ-მაღაზია LavenderShop.ge, სადაც წარმოდგენილია ლავანდის პროდუქცი და ხელნაკეთი ნივთები შესრულებული ლავანდის თემატიკაში. ხელოვნების ოსტატებს, ვინც ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს და სურს გაზარდოს თავისი პოტენციური მყიდველების აუდიტორია, შესაძლებლობა აქვს გახდეს ნუკრიანის ლავანდის გუნდის წევრი და მათ ნამუშევრებს დიდი აუდიტორია გაეცნობა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს და განათავსოს თავისი ლავანდის თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები, ლავანდის ნივთების ინტერნეტ-მაღაზიის ვებ გვერდზე LavenderShop.ge“, – აცხადებს ნელი გვაზავა.
მისივე ინფორმაციით, “ნუკრიანის ლავანდის” გაფართოვების მიზნით იგეგმება 4,7 ჰექტარ ფართობზე ლავანდის გაშენება და ტურისტული ობიექტის მოწყობაც.