ქუვეითური კომპანია სოფელ სანიორეში სასტუმრო კომპლექსს ააშენებს
ინვესტორის იურიდიული ინტერესების დამცველი კომპანია „ელ ფი ეი”-ის იურიდიული დირექტორის, ჯაბა გველებიანის განცხადებით, სასტუმროს მშენებლობა ამ ეტაპზე საბოლოო ფაზაშია, ვილების უმრავლესობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს საერთო სივრცეების, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. რადიო ,,კომერსანტის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაში 10 მილიონ ლარამდეა დახარჯული.
,,კომპლექსი 17 ჰექტარზეა გაშლილი და მოიცავს კომბინირებული ვილის მსგავს კოტეჯებს. სასტუმრო დაფუძნებულია აგრო-ტურისტული კომპლექსის კონცეფციაზე, რაც გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუმრებისთვის კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნას, რათა დამსვენებლებმა სრულად შეძლონ ადგილობრივი გარემოთი, ბუნებით, ლანდშაფტით, სოფლის მეურნეობითა და კულტურით სიამოვნება. ვილების გარდა, კომპლექსში არის რესტორნები, საცურაო აუზი და სპა ცენტრი. აქვე იქნება სხვადასხვა ტური, მათ შორის, საცხენოსნო და სხვა აქტივობები. სასტუმრო მომარაგდება ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილი ორგანული პროდუქციით. სასტუმრო კომპლექსი იფუქნციონირებს „Paradise Investment Resort”-ის ბრენდის ქვეშ. კომპლექსი გათვლილია საერთაშორისო ვიზიტორებსა და ტურისტებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან”, –განაცხადა ჯაბა გველებიანმა.