პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა კახეთშიც ამოქმედდება
პარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტებზე გავრცელების თაობაზე ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც დეპუტატებმა – ზაზა გაბუნიამ, მერაბ ქვარაიამ, გოგა გულორდავამ და ირაკლი მეზურნიშვილმა მოამზადეს.
პროექტის მიხედვით, ავტოსტრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე პარკირების ადგილას დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მუნიციპალიტეტს საფასური დადგენილი არა აქვს), გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
„იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას 12-საათზე მეტი დროით დგას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები, ჯარიმასთან ერთად, დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაეკისრება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.