სტატიები

თელავში ღვინის სახლი გაიხსნება

„რამდენიმე თვეა, რაც თელავში ღვინის სახლი შენდება. ამ ეტაპზე ჯერ მშენებლობა არ დამთავრებულა. ჯერჯერობით არ ვიცი, როდის დასრულდება სამშენებლო სამუშაოები. ვფიქრობ, რომ ღვინის სახლი საკამოდ პოპულარული იქნება და ბევრი ადამიანი ეწვევა, რადგან კახეთში მსგავსი ობიქტი არც ისე ბევრია. აღნიშნული ობიექტის გახსნის ერთ-ერთი მიზანი ქალაქში აგროტურიზმის განვითარებაა“, – განუცხადა knews.ge-ს სოსო ყარაულაშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, ღვინის სახლი, რომელიც გააერთიანებს მარანს და ღვინის სადეგუსტაციო ოთახს, ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი. 
„ღვინის სახლში იქნება მარანი და ღვინის სადეგუსტაციო ოთახი. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს არა მარტო ჩემ მიერ დაყენებული საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძენი, არამედ გაეცნოს ქართულ ტრადიციებსა და კულტურას. ღვინის სახლი ქალაქის ცენტრში შენდება და იმუშავებს ოთხივე სეზონზე. ჯერჯერობით არ მაქვს განსაზღვრული, რა ეღირება მარნის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია. ჩემი აზრით, ღვინის სახლს ძირითადად უცხოელი ტურისტები ეწვევიან“, – აღნიშნავს ყარაულაშვილი.
სოსო პროფესიით ექიმი, ცნობილი ანესთეზიოლოგია. სოსომ ღვინის დაყენება მეგობრის რჩევით დაიწყო. ექიმი მეწარმე ღვინოს ქვევრში აყენებს და ამ მეთოდით დამზადების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. 
„ღვინის დაყენება ფაქტობრივად ჩემი მეორე პროცესიაა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეგობარს, გოგი დაქიშვილს, რომელმაც მირჩია რომ საკუთარი ღვინო დამეყენებინა. მისი რჩევა გავითვალისწინე და ვენახი გავაშენე. მე ექიმი ვარ, მაგრამ ფაქტობრივად ენოლოგია ჩემი მეორე პროესია გახდა. მე ღვინოს ქვევრში ვაყენებ. კახური ღვინო ქვევრის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. საქართველოში აღმოჩენილია ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი, რომელიც ძვ.წ.აღ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება. ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას. მიწაში ჩაფლულ ქვევრში ტემპერატურა არ იცვლება და ის მუდმივად ღვინის დუღილისთვის საჭირო 13-15°C-ს ინარჩუნებს. ხოლო როცა ღვინო დუღილს ამთავრებს, იგი თავისივე ჭაჭაზე ქვევრში ილუქება 3-6 თვის განმავლობაში.“, – აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას სოსო ყარაულაშვილი. 
მეწარმე ღვინოს ქისის, საფერავისა და რქაწითელი ჯიშის ყურძნისგან ამზადებს. მეღვინე პროდუქციას ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა ვარაუდობს, რომ სამომავლოდ ღვინის გატანას ევროკავშირის ბაზარზე შეძლებს.