კახეთში ბიოსფერული რეზერვატის ჩამოყალიბება იგეგმება
როგორც Knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სპეციალისტების განმარტებით, ბიოსფერული რეზერვატი იქმნება სასიცოცხლო გარემოს შეარჩუნების, გარემოს გლობარული მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის, რეკრეციული და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
,,ბიოსფერული რეზერვატის შექმნა დადებით შედეგს მოუტანს დედოფლისწყაროს როგორც ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი საკითხების თვალსაზრისით’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
კახეთის რეგიონში ბიოსფერული რეზერვატის ჩამოყალიბების პერსპექტივა და შესაძლებლობები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. შეხვედრაზე პროექტის „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ხელშემწყობი რეგიონული მოდელები – საქართველოში მათი შექმნის პოტენციალის და შესაძლებლობების კვლევა’’ ფარგლებში მიმდინარეობისას მიღებული შედეგებზე ისაუბრეს.
როგორც knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, შევედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა პროექტის შემდგომი განხორციელების სცენარზე, რომელიც კახეთის ბიოსფერული რეგიონის დაარსების და მართვისთვის აუცილებელი საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას, ზონირებას, მართვას, დაფინანსებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს.
,,პროექტი საქართველოში 2015 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ბიოსფერული რეგიონის შექმნის შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტის მოსამზადებელი ეტაპი დასკვნით ფაზაში იმყოფება, რაც ითვალისწინებს ბიოსფერული რეგიონის დასაარსებლად და მართვის კუთხით საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები მიიღება დაინტერესებულ და გადაწყვეტილების მიმღებ მხარეთა საერთო თანამშრომლობით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოება’’,- განუცხადეს knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.