კახეთში ფასდაკლებების კვირეული 16 მარტიდან დაიწყება
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება.
როგორც knews.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს. უწყების ინფორმაციით, „Discount Week”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კახეთში მდებარე სასტუმროებსა და სავაჭრო ობიექტებს.
„ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი, რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე georgia.travel/discount-ზე. სპეციალური პრომო კოდი ვრცელდება პროექტში მონაწილე სხვა ობიექტებზეც“, – განუცხადეს knews.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ „Discount Week” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს. კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. სხვადასხვა რეგიონში ფასდაკლების კვირეულის კამპანია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს დაიწყო.