სოფელ რუისპირის მოსახლეობა მიწის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებს
აქციის მონაწილეების თქმით, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელსუფლებამ მიწა ორ სხვადასხვა ინვესტორს ჩუმად, კანონის დარღვევით მიჰყიდა, რომლებმაც მშენებლობა უკვე დაიწყეს.
რუისპირელების მტკიცებით, ტერიტორიას ადგილობრივები საძოვრებად და დასასვენებელ ადგილად იყენებენ. ისინი გაყიდული მიწების უკან დაბრუნებას ითხოვენ. თუ პრობლემა არ მოგვარდება, ადგილობრივები მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
,,ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს ისე გაასხვისეს 15 ჰექტარზე მეტი მიწა, რომლის ნაწილს საძოვრებად, ნაწილს კი ზაფხულში დასასვენებლად ვიყენებდით. როგორც გავიგეთ, მიწა კერძო მესაკუთრეებმა იყიდეს და ვილა და სასტუმრო უნდა ააშენონ. ინვესტორმა ადგილზე უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ტერიტორია შემოსაზღვრეს და იქ შესვლის საშუალებას აღარ გვაძლევენ. ჩვენთვის ამ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზაფხულში იქ დასასვენებლად ბავშვები აგვყვავდა. არ მივცემთ მუშაობის საშუაებას ინვესტორს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ამ მშენებლობას შევაჩერებთ. შესაძლებელია ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდეს’’,- განუცხადეს knews.ge-ს სოფელ რუისპირის მცხოვრებლებმა.
სოფლის მცხოვრებლებმა ადგილზე მობილიზებულ ტექნიკას მუშაობის უფლება არ მისცეს, რის გამოც პოლიციაც გამოიძახეს.
ხელისუფლება მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას სამართლებრივი გზით ურჩევს.
ინვესტორები კი ამბობენ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული მიწის ფართობი კანონის დაცვით მიჰყიდა.
ფოტო არქივიდან