ნუკრიანში მოსახლეობის ნაწილი მაღალმთიანი სოფლის შეღავათებით ვერ სარგებლობს
ნუკრიანს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 2016 წლის ივნისში მიენიჭა. სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანის“ ხელმძღვანელი მიუთითებს, რომ სოფელში მცხოვრები პენსიონირების ნაწილი ყოველთვიურ საპენსიო დანამატს ვერ იღებს. მაია ბიძინაშვილი არ გამორიცხავს, რომ მათ დოკუმენტებში იყოს ხარვეზები, რომელთა გამოც საპენსიო ასაკს მიღწეული პირები ამ შეღავათის გარეშე არიან დარჩენილები.
„ზოგიერთი პენსიონერი ამბობს, რომ პენსიას ვერ იღებს. მათ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ თავიანთი საბუთები. თუ პირს ცხრა თვე ნუკრიანში არ უცხოვრია, საპენსიო დანამატს ვერ მიიღებს. აუცილებელია შესაბამისი საინფორმაციო კამოპანია წარიმართოს და მოქალაქეებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ. გარდა ამისა, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ბაზა, სადაც აღნიშნული იქნება, ვინ არის მუდმივი მაცხოვრებელი და რომელმა ვერ ისარგებლა“, – განუცხადა Knews.ge-ს მაია ბიძინაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მაღალმთიანი სხვა დასახლებებისგან განსხვავებით, ნუკრიანში მცხოვრები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს არ ეძლევათ სასწავლო ვაუჩერი.
„მაღალმთიანი სხვა სოფლების სტუდენტებს ეძლევათ სასწავლო გრანტი და ნუკრიანში მცხოვრები სტუდენტები კი ამ შეღავათით ვერ სარგებლობენ. ამ მხრივ უნდა იაქტიუროს საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მათ უნდა გაარკვიონ, რატომ არ უფინანსდებათ ამ ახალგაზრდებს სწავლის გადასახადი. იცით, რომ ნუკრიანის სკოლა დაიცალა. თუ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ამ შეღავათით ისარგებლებენ, შედეგი იქნება და აღარ დატოვებენ სოფელს“, – ამბობს ბიძშინაშვილი.
გარდა იმისა, რომ საპენსიო დანამატს ვერ იღებენ, ადგილობრივების გარკვეულ ნაწილს არ უნაზღაურდება მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 %. მათთვის გაუგებარია, რატომ არ ვრცელდება მათზე ეს შეღავათი. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ნუკრიანის ადმინისტრაციულ ერთეულში რევაზ კრაწაშვილი ადასტურებს, რომ სოფელში მცხოვრებთა გარკვეული მაღალმთიანი დასახლებისთვის გათვალისწინებული შეღავათების გარეშეა დარჩენილი. ის ამ პრობლემას უკავშირებს ყველა მათგანის დოკუმენტებში არსებულ გარკვეული ხარვეზებს და ამბობს, რომ მათი აღმოფხვრის შემდეგ ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რომელიც მაღალმთიანი სოფლისთვის არის განსაზღვრული.
„მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად აუცილებელია სამი პირობის დაკმაყოფილება: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებული მაღალმთიან დასახლებაში; ყოველი წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, 9 თვით ან უფრო მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს მაღალმთიან დასახლებაში. პირი, რომელიც ამ სამი პირობიდან ერთ-ერთ მათგანს ვერ აკმაყოფილებს, ვერ მიენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი. რამდენიმე ადამიანმა მოგვმართა, რომ საპენსიო დანამატი არ ეძლევათ და ჩვენ პრობლემის აღმოფხვრისკენ მოვუწოდეთ. რაც შეეხება ელექტროენერგიის შეღავათებს, სოფლის თითქმის ყველა მაცხოვრებელი სარგებლობს ამ შეღავათებით, მაგრამ ზოგიერთს არ უნაზღაურდება მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 %. თუ დენის ქვითარი საცხოვრებელ სახლში მიდის გარდაცვლილზე, ოჯახი ვერ სარგებლობს ამ შეღავათით. საჭიროა, ოჯახმა დაირეგისტრიროს სახლი საჯარო რეესტრში. სოფლის დაახლოებით 10%-ს ჰქონდა ეს პრობლემა, მაგრამ მათი რაოდენობა შემცირდა. რაც შეეხება სტუდენტების სასწავლო დაფინანსებას, ისინი ვერ სარგებლობენ ამ შეღავათით. როგორც ჩანს, ეს პუნქტი არ არის კანონში გათვალისწინებული“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას რევაზ კრაწაშვილი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მაღალმთიანი დასახლების შესახებ კანონი სტუდენტების სასწავლო დაფინანსებასაც ითვალისწინებს. უწყებაში განმარტავენ, რომ სასწავლო ვაუჩერის მიღების მიზნით, აუცილებელია სტუდენტს ჰოქნდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
2016 წლიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში საგადასახადო და სოციალური შეღავათების სრული პაკეტი ამოქმედდა. კანონის მიხედვით, პირველი და მეორე ბავშვისთვის, რომელთა ერთ–ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად სარგებლობენ ფულადი დახმარებით 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის 2 წლის განმავლობაში გათვალისწინებულია ყოველთვიურად არანაკლებ 200 ლარი.
საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატის სახით იღებენ სახელმწიფო პენსიის 20%–ს, რომელიც, ყოველთვიურად 216 ლარს შეადგენს. ექიმების ხელფასი, რომელიც კანონი ამოქმედებამდე 650 ლარს შეადგენდა, 360 ლარით გაიზარდა და 1010 ლარს შეადგენს. ხელფასები გაეზარდათ პედაგოგებს და ისინი ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოზე 50%–იან დანამატს იღებენ.