ახალი ამბები

თელავში საშიში ინფექციური დაავადება ,,თურქულის” პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს

შეხვედრას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის ვეტერინარები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დაავადება „თურქულის“ ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევის სრულყოფაზე ისაუბრეს. 
„ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, გაიმართა „თურქულის“ საწინააღმდეგო სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას და დაავადებასთან ბრძოლის ეფექტიან მიდგომებს. მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რომელიც კავკასიის რეგიონის ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა ავალიანმა.
დაავადება „თურქული“ სწრაფად გავრცელებადი მწვავე ვირუსული დაავადებაა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყება „თურქულის“ საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ყოველწლიურად ატარებს. 2017 წელს 2 693 938 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველია ვაქცინირებული და საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული.