ოჯახური მეურნეობის შესახებ კანონის შემუშავება იგეგმება
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, დოკუმენტი უკვე მზად არის, რომელიც საფრანგეთის პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა.
დანელიას თქმით, ახალი კანონის მიზანია, ოჯახური მეურნეობებისთვის დამატებითი ხელშეწყობის სისტემატური პროგრამების გაჩენა.
„იარსებებს გარკვეული პროგრამები; არ მინდა, აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში გადავიდე, ამიტომ კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ამ კანონის შექმნის მიზანია, ოჯახური მეურნეობებისთვის მოტივაციის შექმნა. მაგალითად, „ერთი სოფელი-ერთი პროდუქტი“ იაპონიის ძალიან საინტერესო მოდელია. მსგავსი პროგრამების შემუშავება, სხვადასხვა სოფლის პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენც შეგვიძლია. არაა გამორიცხული ოჯახური მეურნეობებისთვის ახალი საგადასახადო შეღავათების დაწესება“, – განაცხადა დანელიამ.