სტატიები

წინანდალში წარმოებული ღვინო 16 ქვეყანაში იყიდება

კომპანიის დირექტორი გივი გიგინეიშვილი აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.
მისივე ინფორმაციით, კომპანია პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს მომავალი წლიდან დაიწყებს. 
„გვინდა ჩვენი ღვინო ქართველმა მომხმარებელმაც დააგემოვნოს. ამჟამად პროდუქცია ექსპორტზე გაგვაქვს იაპონიაში, კანადაში, ამერიკაში, ჰონგ-კონგსა და ა.შ. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე დღითიდღე იზრდება“, – განუცხადა knews.ge-ს გივი გიგინეიშვილმა.
კომპანიას ვენახები წინანდალში 150 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანიის დირექტორი მომავალ წელს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის 25-დან 30%-მდე ზრდას ვარაუდობს. გივი გიგინეიშვილი ვენახის გაშენებას დამატებით 80 ჰექტრაზე გეგმავს. 
„ჩვენი ვენახები წინანდალში 150 ჰექტარზეა განთავსებული. იმის გამო, რომ სამომავლოდ ჩვენს წარმოებულ პროდუქციაზე ველით მოთხოვნის ზრდას, ვაპირებთ ვენახები გავაფართოვოთ. ამჟამად ღვინოს სრულად ჩვენ მიერ მოწეული ყურძნით ვამზადებთ, მაგარამ რადგან გაყიდვები იზრდება, წარმოებაც უნდა გავზარდოთ. ამ გამოწვევას რომ მზად შევხვდეთ, ვიწყებთ ვენახების ეტაპობრივად გაშენებას. პირველ ეტაპზე ვაზს 80 ჰექტარზე დავრგავთ“, – ამბობს bm.ge-სთან საუბრისას გივი გიგინეიშვილი. 
კომპანიის დირექტორი სამომავლოდ წარმოების გაზრდის მიზნით ქარხნის გაფართოებას და საწარმოს თანამედროვე სტანდარტების დანადგარებით აღჭურვას გეგმავს. გივი გიგინეიშვილი, ასევე, ტურისტული კომპლექსის მშენებლოგასაც აპირებს.
„სამომავლოდ კომპანია ინვესტიციებს ღვინის ტურიზმის განვითარებაშიც ჩადებს, რისთვისაც მომავალი წლიდან ტურისტული კომლექსის: სასტუმროების, რესტორნების, სადეგუსტაციო დარბაზებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-მოწყობას დაიწყებს. ტურისტული კომპლექსი წინანდალში ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანიამ 2017 წელს 1,5 მილიონი ბოთლი ღვინო „ბესინისა“ და “ვიტე ვერას” ბრენდის ქვეშ გაყიდა, ქარხნის წარმადობა კი ამჟამად 1,3 მილიონი ლიტრია’’,- აცხადებს ქარხნის დირექტორი.