რატომ ითხოვენ პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის შეჩერებას?
პეტიციის ერთ-ერთი ავტორი არჩილ კიკოიძე აღნიშნავს, რომ პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზა გადაკვეთს აქამდე ხელუხლებელ მთებს, ტყეებს, უღელტეხილებს, დაცულ ტერიტორიებს და მისი მშენებლობა გამოიწვევს მეწყერების, ღვარცოფებისა და ხანძრების ზრდას.
მისი მოსაზრებით, აღნიშნული გზის მშენებლობა მკვეთრად შეაფერხებს სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის განვითარებას. დიდი თოვლის, მეწყერებისა და ღვარცოფების გამო, გზის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება კი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
„პროექტის განმახორციელებლები კანონმდებლობასა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ და საავტომობილო გზის მშენებლობას თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე გეგმავენ. პროექტი მძიმე დარტყმას მიაყენებს საწყის ეტაპზე მყოფ სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმს, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურიზმს, სამთო ველო-ტურიზმს, ვეღარ განვითარდება ზამთრის სკი-ტურინგის მარშრუტები, თავშესაფარი ქოხები, სამთო ბანაკები და ა.შ. სათავგადასავლო და ეკო-ტურიზმი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების და დაცლისაგან გადარჩენის ერთადერთი საშუალებას წარმოადგენს. მოსახლეობა ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებს ბილიკების მარშრუტებით (ტურისტებს ბევრჯერ მოუწევთ გაჩერება მარშრუტზე), ვიდრე საავტომობილო გზაზე გადაადგილებული ტურისტებისგან. დიდი თოვლის, მეწყერებისა და ღვარცოფების გამო, გზის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. გზის მოვლა ძალზე დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს რესურსები ისეთ მნიშველოვან და გადაუდებელ საჭიროებებს მოაკლდება, როგორიცაა პენსიები, მასწავლებლების ხელფასები და მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება. დაუჯერებელია, რომ ზამთარში ეს გზა გახსნილი იყოს. ჯვრის უღელტეხილიც კი ზამთარში იკეტება. ხელისუფლების მთავარი არგუმენტია, რომ მოსახლეობა თუშეთში დაბრუნდება. მე არ მგონია, რომ ალეტერნატიული გზა მოსახლეობას თუშეთში დააბრუნებს“, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ კიკოიძემ.
თუშეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის მშენებლობას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობაც. თუშეთის თემის მაცხოვრებლებმა გუშინ სოფელ ქვემო ალვანში აქციაც გამართეს და აღნიშნული გზის მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. როგორც Knews.ge-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სოსო ბაბულაიძემ განუცხადა, თუშეთის მიმართულებით პანკისის ხეობიდან საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე შეადგინეს. ბაბულაიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების ნაცვლად უმჯობესია გზა მივიდეს თუშეთის იმ სოფლებამდე, რომლებიც დღემდე გარესამუაროს მოწყვეტილია.
“ისე შეადგინეს ეს პროექტი, რომ თუშეთის თემის მოსახლეობისთვის არც უკითხავთ. ამ საკითხის განხილვა თუშებთან არ ყოფილა. გარდა ამისა, ჩვენთან განვითარებულია საფეხმავლო, საცხენოსნო, ეკო ტურიზმია განვითარებული, რომელიც უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. თუ ეს გზა აშენდება, ეკო ტურიზმი აღარ განვითარდება. ალტერნატიული გზის მშენებლობას ჯობს თუშეთის სოფლებამდე მისასვლელი გზები აშენდეს, რომელსაც დასჭირდება გაცილებით ნაკლები თანხა, ვიდრე ამ პროექტის განხორციელებას. გზის გაყვანის შემთხვევაში დაიწყება ეროზია და ზიანი მოგვადგება თუშებს”, – განუცხადა knews.ge-ს სოსო ბაბულაიძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვერ აკონკრეტებს, გზის მშენებლობა დააზიანებს თუ არა დაცულ ტერიტორიებს. გიორგი სეთურიძე განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება, თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასება იქნება უარყოფითი.
„ამ მონაკვეთებზე გზა არასოდეს არ ყოფილა და ჯერ ბოლომდე პროექტიც კი არ არის დასრულებული. პროექტების მიღებას აქვს თავისი წესი, რომელსაც თან ახლავს გარემოზე ზემოქმედების შეფასება. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასება იქნება უარყოფითი, პროექტი ვერ განხორციელდება. ამ საკითხს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ვათანხმებთ და მომავალშიც აუცილებლად შევათანხმებთ“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი სეთურიძე.
სეთურიძე მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში თუშეთში მოსახლეობა დაბრუნდება.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობა დაბრუნდეს და იქ ტურიზმის განვითარდეს, ამისთვის უნდა იყოს იქ უსაფრთხო გზები და განვითარდეს ინფრასტრუქტურა. ხადორის ხეობაზე გამავალი გზა, რომელიც დაუკავშირდება თუშეთს, არის აბანოს უღელტეხილის გადასასვლელის ალტერნატივა. ეს გზა იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო და კომფორტული. რაც შეეხება ამ გზაზე ზამთარში გადაადგილებას, ვერ ვიტყვით, რომ შეუფერხებელი მოძრაობა იქნება. ზამთარში თუშეთთან დამაკავშირებელ ელტერნატიულ გზაზე გაცილებით ცოტა დროის განმავლობაში იქნება შეფერხება. რაც შეეხება გზის ეკონომიკურ სარგებელს, როდესაც დაანონსდა გზის მშენებლობა, თუშეთში რამდენიმე ახალი სასტუმროს მშენებლობა დაიგეგმა. გზა არის რეგიონალური განვითარების და ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება გზის მეორე მონაკვეთს, რომელიც ხევსურეთსა და თუშეთს აკავშირებს ერთმანეთთან, ამას აქვს ტურისტული ფუნქცია. ტურისტებისთვის მსგავსი მარშრუტი აღმოსავლეთ ევროპაში არ არსებობს“, – ამბობს სეთურიძე.