პრეზიდენტი პანკისის სპეცოპერაციაზე – ახალგზარდის გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთელი საზოგადოებისთვის
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გამოძიების დეტალების შესახებ არ საუბრობს, მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს პანკისის ხეობასთან.
”მიხარია, რომ აქ ხართ, მიხარია, რომ ესწრებით ჩემს შეხვედრას, მიხარია, რომ აქ სწავლობთ. თუ გახსოვთ, პანკისში ჩამოსული ვარ არაერთხელ, არაერთ პროექტს ვახორციელებთ თქვენთან, რომელიც უკავშირდება განსაკუთრებით თქვენხელა ადამიანების, ახალგაზრდობის ჩართვას უფრო აქტიურად საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში, სპორტში.
ბუნებრივია, თქვენ კითხვას სვამთ იმ ტკივილთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ცოტახნის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას. გამოძიების დეტალებში არ შევალ, მე ერთადერთი მინდა გითხრათ და ამის თაობაზე არაერთხელ მითქვამს, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მეც და პრინციპში საქართველოს, ქართულ საზოგადოებას პანკისთან. ეს არის სიყვარული, პატივისცემა. თქვენ ეს უნდა იგრძნოთ და ნებისმიერი, ვინც ისაუბრებს იმის თაობაზე, თითქოს ეს ასე არ არის, ვინც შეეცდება, რომ რამენაირად გააღვივოს უარყოფითი, ნამდვილად ჩვენი საერთო მტერი იქნება. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ტრადიციებს, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს საზოგადოებას, თქვენი ყოფის წესს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთად ვაშენებთ ძლიერ, თავისუფალ საქართველოს და ტკივილმა და ტრაგედიამ არ უნდა დაარღვიოს მთავარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად უნდა გადავიტანოთ ტკივილიც და ერთად გვიხაროდეს წარმატებაც”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.