პრეზიდენტი – თავისუფლება წარსულისკენ ყურებას არ ნიშნავს
პრეზიდენტის განცხადებით, თავისუფლება საკუთარი თავის შეცნობაა – ვინ ხარ შენ, რა მიზნები გაქვს და რის გაკეთებას აპირებ.
„თავისუფლებისაკენ სწრაფვის მიზნების განხორციელება შეუძლებელია საკუთარი ქვეყნის შემეცნების გარეშე. ფიქრი, ერის შემეცნებაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი წინაპრები იყვნენ თავისუფლები არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეეძლოთ მხოლოდ საკუთარი თავისუფლების დაცვა, არამედ განსხვავებულთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა. მცირე ქვეყანას სჭირდება, იყოს მსოფლიო ისტორიული პროცესის პროგრესულ ნაწილში. უნდა ვხედავდეთ, საით ვითარდება მსოფლიო, რა არის ის, რაც ხვალ გახდება დომინანტური. მცირე ერს სჭირდება განსაკუთრებული მზაობა არ მოსწყდეს დინამიკას. მოწინავეთა რიგებში ჩასართავად უნდა გავიაზროთ როგორ ვითარდებიან სხვა ქვეყნები – გლობალური ეკონომიკები, საზოგადოებები. უნდა ავიღოთ აქედან ყველაზე პროგრესული. ამ ტენდენციებიდან ერთ-ერთი ღირებულება თავისუფლებაა – თავისუფლებაზე ორიენტირებულ საზოგადოებებს ქმნიან მოწინავე ქვეყნები”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თელავიდან დაიწყო კამპანია ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი“.
გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართა. მარგველაშვილმა სტუდენტებთან ერთად მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის მიეძღვნა. პრეზიდენტის განცხადებით, კამპანიის მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.