სტატიები

კახელები ნარჩენების სეპარირებაზე ინფორმაციას არ ფლობენ

ისინი ნარჩენების დახარისხების საჭიროების შესახებაც კი არ არიან ინფორმირებულები. ადგილობრივები ამბობენ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებაზე მათთვის ინფორმაცია არავის არ მიუწვდია. 
,,ჩვენთან, სოფელ ვანთაში, დადგეს ნაგვის სამი ურნა, ერთს ეწერა მინის ნივთები ჩაყარეთო, მეორეს პლასტმასებიო და ცალკე იყო ქაღალდებისთვის, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას. ერთმანეთში იყო არეული ნარჩენები. ვფიქრობ, ჯერ უნდა გვითხრან, როგორ მოვიქცეთ, გვასწავლონ რა გავაკეთოთ, რისთვის ვაკეთებთ ამას ვიცოდეთ და გავაკეთებთ’’,- განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის მკვიდრმა ლეილა სიდონაშვილმა.
ნარჩენების დახარისხებაზე ინფორმაციას ფლობენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, თუმცა სოფლებში ნაგვის სეპარირებისთვის საჭირო ურნები არ არის განთავსებული. მათი თქმით, აუცილებელია პირველ ეტაპზე სოფელში ორ ან სამ ადგილას დაიდგას ნაგვის სეპარირებული კონტეინერები, შემდეგ კი მისი რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
,,სოფელში ორ ან სამ ადგილას მაინც უნდა იყოს ნაგვის ურნები ნაჩენების სეპარირებისთვის, მანამდე კი მოსახლეობას უნდა შეხვდნენ და განუმარტონ რატომ არის აუცილებელი ნარჩენების დახარისხება. ყველაზე მთავარია სკოლაში ბავშვებს ასწავლონ რომ ეს გარემოს დაბინძურებისგან დაიცავს. ასევე მოსახლეობაშიც უნდა ჩატარდეს შეხვედრები, რომ ნარჩენები ეზოებში არ დაწვან რადგან ეს აზიანებს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას’’,- განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მკვიდრმა მანანა ბეგაშვილმა. 
ექსპერტები მოსახლეობას ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ. CENN-ის ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების” პროგრამის კომუნიკაციის მენეჯერი სალომე სულაბერიძე ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ნარჩენების სეპარაციის შესახებ არ არის ინფორმირებული. მისი განმარტებით, ნაგვის არაორგანიზებულად გატანა ან მისი ადგილზე დაწვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს აბინძურებს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგრამის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები საქართველოში-WMTR” ფარგლებში აქტიურად ვმუშაობთ სოფლებში, მაინც არის გარკვეული პრობლემები მოსახლეობის მიერ ნარჩენების სეპარირების კუთხით. ადგილობრივების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ნარჩენების გადამუშავება და რეციკლირება არ არის მნიშვნელოვანი, რაც მცდარია. სწორედ ამ შეხედულების გამო სეპარაციის ურნებს ისევ არასწორად იყენებენ, მაგალითად პლასტასის ნარჩენს ქაღალდებში აგდებენ, რაც ხელს უშლის ნაგვის გადამუშავების პროცესს‘’,–განუცხადა Knews.ge-ს სალომე სულაბერიძემ.
ექსპერტების თქმით, ახალი რეგულაციები და ვალდებულებები უნდა შეასრულოს არა მხოლოდ მოსახლეობამ, არამედ ნარჩენები ნაგვის მანქანაში ერთმანეთს ისევ არ უნდა შეერიოს და ნაგავსაყრელზე ნაგავი არაორგანიზებულად არ უნდა მოხვდეს. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სეპარირებაზე საქართველო ეტაპობრივად გადავა, რომლისთვისაც საჭირო იქნება მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო სახსრებიც. უწყების ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად გარკვეული ვალდებულებები დაეკისრებათ მწარმოებლებსაც, რომლებსაც საკუთარი სპეცფიკური ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება მოუწევთ.
,,ნარჩენების მართვის კოდექსი 2014 წელს იქნა მიღებული და ახალ ვალდებულებებს აკისრებს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ პრინციპის დანერგვა საქართველოში. კოდექსის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომლებიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, 2019 წლის დეკემბრიდან ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა-განთავსება’’, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეამ, სოლომონ პავლიაშვილმა.