ლაგოდეხის საკრებულოში ორი თვის წინ შექმნილი ფრაქცია დაიშალა
ოპოზიცია ფრაქციის გაუქმებას შიდა პარტიულ დირექტივას უკავშირებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ევა ლომთაძე ამბობს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველების“ თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა, რის გამოც მმართველი პარტიის დირექტივით ფრაქცია დაიშალა.
„როდესაც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილებოდა საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის საკითხი, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „დამოუკიდებლების“ წარმომადგენლებს მართებულად არ მიგვაჩნდა ეს გადაწყვეტილება. როდესაც პოზიციები გავცვალეთ კომისიისა და ბიუროს სხდომებზე, აღმოჩნდა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველების“ თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის წინააღმდეგი იყო. რამდენიმე დღეში ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა დაწერა განცხადება და „ქართული ოცნება მრეწველები“ დატოვა. მიგვაჩნია, რომ ეს იყო პარტია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის დირექტივა“, – განუცხადა Knews.ge-ს ევა ლომთაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველების“ დაშლას მმართველი პარტიის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებად აფასებს „ევროპული საქართველოც“. ლაგოდეხის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი გიორგი ენუქიძე მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი საკრებულოს წევრის საქმიანობაში უხეში ჩარევაა.
„ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველების“ წევრებმა საკრებულოს რეორგანიზაციის პროექტთან დაკავშირებით დაიკავეს პრინციპული პოზიცია, რომელიც არ ესიამოვნა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. შესაძლოა ფრაქციის წევრებს შორის იყო შეუთანხმებლობა, მაგრამ მათი კრიტიკული პოზიცია საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საეჭვოდ დაემთხვა ფრაქციის გაუქმებას. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიის წერმომადგენლებმა მიიღეს. ეს იყო საკრებულოს წევრის საქმიანობაში ჩარევა. ეს იყო სამაგალითოდ ჭკუის სასწავლებელი სხვა ფრაქციებისთვის. მიგვაჩნია, რომ ფრაქცია არ უნდა იქმნებოდეს და იშლებოდეს ვიღაცის სურვილების გათვალისწინებით. ვეთანხმები, რომ საკრებულოში „ქართული ოცნების“ რამდენიმე ფრაქცია არ უნდა იყოს, მაგრამ ფრაქციის ამ სახით დაშლას, როგორც სადამსჯელო ღონისძიებას, ვეწინააღმდეგებით“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ენუქიძემ.
„ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი სიმონ კვერნაძე აღნიშნავს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველები“ დატოვა ერთმა წევრმა ომარ მირზოშვილმა, რის გამოც ის დაიშალა. კვერნაძე აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
„ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველებში“ გაწევრიანებული ვიყავით სამი დაეპუტატი. ერთმა წევრმა ფრაქცია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. კანონის მიხედვით კი, ფრაქციაში უნდა იყოს მინიმუმ სამი წევრი. ამის გამო ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველები“ დაიშალა. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ თურმე მე საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დავაფიქსირე კრიტიკული პოზიცია, რასაც, შიდა პარტიული გადაწყვეტილებით, მოჰყვა ფრაქციი დაშლა. ეს გამორიცხულია. მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით მე ვეთანხმებოდი საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციას“, – განუცხადა Knews.ge-ს სიმონ კვერნაძემ.
Knews.ge დაუკავშირდა საკრებულოს წევრს ომარ მირზოშვილს, რომელმაც ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველები“ დატოვა. მან საკითხის კომენტირებას თავი აარიდა.
ამჟამად ლაგოდეხის საკრებულოში ოთხი ფრაქცია „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება კონსერვატორები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „დამოუკიდებელი“ ფუნქციონირებს.