სტატიები

რუისპირელებმა გუბერნატორის მისაღებში სოფლის მიწების გასხვისება გააპროტესტეს

ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სოფლის მიწები და ტყე უკანონოდ გაასხვისა. აქციის მონაწილეებს და კახეთის გუბერნატორს შორის აღნიშნულ საკითხზე საუბარი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირაკლი ქადაგიშვილი აქციის მონაწილეებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა. რუისპირელების განცხადებით, თუ პრობლემა არ მოგვარდება, მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. 
,,ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს ისე გაასხვისეს რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა, რომლის ნაწილს საძოვრებად, ნაწილს კი ზაფხულში დასასვენებლად ვიყენებდით. როგორც გავიგეთ, მიწა კერძო მესაკუთრემ იყიდა, სასტუმრო უნდა ააშენოს. რამდენიმე დღეა ამ ადგილას უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. ტერიტორია უკვე შემოსაზღვრეს და იქ შესვლის საშუალებას აღარ გვაძლევენ. ჩვენთვის ამ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზაფხულში იქ დასასვენებლად ბავშვები აგვყვავდა. არ შემოვუშვებთ სოფელში ინვესტორს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ამ მშენებლობას შევაჩერებთ. შესაძლებელია ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდეს. დღესვე დავწერეთ განცხადება მერიაში, რომლითაც მოვითხოვთ პრობლემის მოგვარებას. ხელმოწერებსაც ვაგროვებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს და საპროტესტო აქციებს მივმართავთ’’,- განუცხადეს knews.ge-ს სოფელ რუისპირის მცხოვრებლებმა.
ადგილობრივები სოფელში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მესაკუთრეს სამშენებლო სამუშაოების შეჩერებაზე მიმართოს. აღნიშნული მოთხოვნით რუისპირელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. 
სოფელ რუისპირის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ნაცარაშვილის ინფორმაციით, 15 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა, გასხვისების შემდეგ კი კერძო მესაკუთრემ ადგილი შემოსაზღვრა, სადაც ადგილობრივები ვეღარ შედიან. ნაცარაშვილი მიწების გაყიდვის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 
,,მე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ, მაგრამ ეს საკითხი სრულად ემიჯნება პოლიტიკას და ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს. აქ არის საუბარი მიწებზე, რომლებიც სოფელს ეკუთვნის და ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ამ ფართობში შედის ის საძოვრები, რომლითაც მოსახლეობა წლებია სარგებლობს და რომელიც უკანონოდ სხვადასხვანაირი გზით და შავბნელი საქმეებით გადასცეს ჩვენთვის უცნობ პირს. მოვითხოვთ სოფლისთვის ამ ქონების დაბრუნებას. დახმარების თხოვნით მივმართეთ გუბერნატორს, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ ვუთხარით მას, გააფრთხილოს ინვესტორი, არ დაიწყოს უკანონოდ მუშაობა, ამას შეიძლება დაპირსპირება მოჰყვეს სოფლის მაცხოვრებლებსა და ინვესტორს შორის. რაც შეეხება დანარჩენს, ვაპირებთ სამართლებრივად ბრძოლას და ყველა ინსტანციას მივმართავთ, რომ სოფელს დაუბრუნდეს მიწა,’’- განუცხადა knews.ge-ს ზურაბ ნაცარაშვილმა.
კახეთის გუბერნატორი სოფელ რუისპირის მოსახლეობას პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ჰპირდება. ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ სადავო მიწის ფართობი სახელმწიფოს საკუთრებაა, რომლის კერძო პირზე კანონიერად გაიყიდა. გუბერნატორის ინფორმაციით, რუისპირში დაგეგმილია ტურისტული კომპლექსის მშენებლობა.
,,სოფლის მოსახლეობის ნაწილი იყო მოსული, რომლებიც აპროტესტებდნენ კერძო მესაკუთრის მირ წარმოებულ სამუშაოებს. აქციის მონაწილეებს მე ვუთხარი, რომ თუ რაიმე პრობლემა აქვთ, მიმართონ სამართლებრივ გზას და დავა გადაწყდეს კანონის ფარგლებში. კანონსაწინააღმდეგო ქმედება არცერთი მხრიდან არ შეიძლება. მე მათ პირობა მივეცი, რომ სამართლებრივი კუთხით გვერდით დავუდგები სიტუაციის გარკვევაში. მე ამავდროულად მოვუწოდე მათ, რომ არ იმოქმედონ ისე, რომელმაც შესაძლოა კანონის დარღვევა გამოიწვიოს. ჩემი ინფრმაციით, მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო და მის მიერ არის გასხვისებული, პრივატიზებული და იქ იგეგმება ტურისტული კომპლექსის მშენებლობა’’,- განუცხადა knews.ge-ს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.