საგარეჯოში შამპანურის ბოთლში ლუდის დადუღებას გეგმავენ
კომპანიის დირექტორის, დავით თოდუას ინფორმაციით, ლუდის წარმოებისთვის ნედლეული გერმანიიდან შემოაქვთ.
„შამპანურის ბოთლში ლუდის დადუღება უკვე დავიწყეთ. ეს არის მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგია. ამ ეტაპზე ლუდს მცირე რაოდენობით ვასხამთ. ლუდისათვის საჭირო ნედლეულს გერმანიაში ვყიდულობთ. საქართველოში ამ ტექნოლოგიით დადუღებული ლუდის ანალოგი არ არის. ეს არის ახალი სტანდარტი, რომ ცოცხალი ლუდი ბოთლში სიცივეში დადუღდეს. საბოლოო პროდუქტი კი უმაღლესი ხარისხისაა“, – განუცხადა knews.ge–ს დავით თოდუამ.
მისივე ინფორმაციით, ლუდი ადგილობრივ ბაზარზე უკვე იყიდება. ნახევარი ლიტრი ლუდის ფასი 3 ლარი ღირს.
„ჩვენ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ამ სახის პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ლუდი უკვე იყიდება თბილისის მაღაზიებში. მომავალში წარმოების გაზრდას ვგეგმავთ და მთელ საქართველოს მოვიცავთ. ვაპირებთ, რომ პრუდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ. ISOS–ს საერთაშორისო სერტიფიკატი ჯერ არ მოგვიპოვებია, მაგრამ საწარმო ევოპული დანადგარებით უკვე აღვჭურვეთ“, – აღნიშნა თოდუამ.
პროექტის განხორციელებისთვის 500 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.