სტატიები

მოსახლეობა სოფელ კასრისწყლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს

მოსახლეობის მოსაზრებით, იმისთვის რომ კასრისწყალი ნასოფლარად არ იქცეს, აუცილებელია მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში არ არის ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი, რის გამოც მოსახლეობა კასრისწყლიდან მასობრივად გაედინება. 
სოფელ კასრისწყალში მცხოვრები მამუკა მუმლაური ამბობს, რომ სოფლამდე მისასვლელი გზა დაზიანებულია და ამავე დროს არ ფუნქციონირებს მაღაზია, აფთიაქი და ამბულატორია.
,,სოფელში არაფერი არ გვაქვს, რაც აუცილებელია არსებობისთვის და ნორმალური ცხოვრებისთვის. ამის გამო სოფელი დაცლის პირას არის. გასულ წელთან შედარებით სოფელი ათი კომლით შემცირდა. როგორც საზღვრისპირა და რაიონის ცენტრიდან შორს მდებარე სოფელს, გამონაკლისის სახით, უნდა მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. მოსახლეობას რომ სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება მიეცემა, არსად აღარ წავა ’’, – განუცხადა Knews.ge-ს მამუკა მუმლაურმა.
ადგილობრივები, ასევე, ამბობენ, რომ სოფელში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, რის გამოც 162 კილომეტრით დაშორებულ რაიონულ ცენტრში ჩასვლას ვერ ახერხებენ. 
,,სოფელი კასრისწყალი ზღვის დონიდან 500 მეტრზე შირაქის ვაკეზე, ახმეტიდან 162 კილომეტრში და დედოფლისწყაროდან 45 კმ-ში მდებარეობს. ადმინისტრაციულად ექვემდებარება ახმეტის მუნიციპალიტეტს. ასე შორს ვართ ცენტრიდან და ტრანსპორტი კვირაში ერთხელ მოდის. მაღაზიაში, ბაზარში ან კლინიკაში რომ გვინდოდეს წასვლა, ვერ ვახერხებთ. ვისაც მანქანა ჰყავს, მხოლოდ მათ არ აქვთ პრობლემა. როგორ შეიძლება სოფელში ყოველდღიურად არ დადიოდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სწორედ ამის გამო ყველა გაქცევას და სხვაგან ცხოვრებას ვფიქრობთ’’,- განუცხადეს Knews.ge-ს სოფლის მაცხოვრებლებმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივებს სოფელში არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას ჰპირდება. იოსებ ქარუმაშვილი აღნიშნავს, რომ პირველი მარტიდან ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა, უფასო ტრანსპორტით ისარგებლონ. მისივე ინფორმაციით, მომავალი წლიდან სოფლამდე მისასვლელი გზის პრობლემის მოგვარებაზეც დაიწყება მუშაობა. 
,,მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს შესაძლებლობა, ყველა პრობლემა ერთდროულად მოაგვაროს საკუთარი სახსრებით. გზების რეაბილიტაციაზე დაგვჭირდება მუნიციპალური ფონდის დახმარება. წელს უკვე დაგვიანებულია ფონდში პროექტების წარდგენა, მომავალი წლისთვის კი აუცილებლად გავითვალისწინებთ და დავამუშავებთ პროექტს. უკვე მეორე საკითხია, რამდენად დაფინანსდება ეს პროექტი. რაც შეეხება მაღაზიის გახსნას, ეგ ჩვენი კომპეტენცია არ არის. ბევრი სახელმწიფო პროგრამაა, რომელშიც მოსახლეობას და ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა და გახსნას მაღაზია. ყველა მაცხოვრებელს შეუძლია განავითაროს კერძო ბიზნესი სახელმწიფო ბიუჯტის დახმარებით. რაც შეეხება საზგადოებრივ ტრანსპორტს, ჩვენ ვაფინანსებთ ბიუჯეტიდან და კვირაში ორჯერ: სამშაბათს და შაბათს დედოფლისწყაროს მიმართულებით არის დანიშნული ტრანსპორტი. მას მისდევენ დილით დედოფლისწყაროს მიმართულებით და საღამოს უკან მოჰყავს მოსახლეობა. რაც შეეხება მაღალმთიანი სტატუსის მიღებას, ესეც არ არის ჩვენი კომპეტენცია, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ მთავრობის წინაშე’’, -განუცხადა Knews.ge-ს იოსებ ქარუმაშვილმა.

ფოტო:პირველი არხი