ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს დეიტრა ფარი გახსნის
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი კახეთის რეგიონის პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
,,ნაკრძლის მიმდებარედ ტრადიციული ბლუზფესტივალის ჩატარება კარგი საშუალებაა მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად. ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს რეგიონის ეკონომიკას, აამაღლებს მის ცნობადობას ევროპულ ტურისტულ რუკაზე”, – განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ფესტივალი 23 ივნისიდან 18 აგვისტომდე გაიმართება და 14 კონცერტი ჩატარდება.ბლუზ ფესტივალში მონაწილეობენ 8 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, საფრანგეთის, ინგლისის, ისრაელის, კანადის, ჰოლანდიის და რუსეთის წარმომადგენლები.
,,ფესტივალის მიზანია ბლუზის პოპულარიზაცია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა, ნიჭიერი შემსრულებლები და ხელი შეუწყოს მათ დაოსტატებას”, – აღნიშნეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
წელს ფესტივალის გახსნის დეიტრა ფარი – აშშ ჩიკაგოს სკოლის ბლუზ დივა. ლაგოდეხს, ასევე, ეწვევიან ბლუზის ვარსკვლავები შერონ ლუისი, შარლ ბარტონი, ჯეისი სმიტი, კენი ვეინი და სხვები.
ბლუზის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, გასული წლის ზაფხულში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ჩატარდა.