სიღნაღში მერიაში ქალთა ოთახი გაიხსნება
სიღნაღის მერის, გიორგი გოგილაშვილის განცხადებით, ახალი მუნიციპალური სერვისით მოსახლეობა ისარგებლებს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებით, თავისუფალი სივრცით, სადაც სხვადასხვა სახის აქტივობის განხორციელების შესაძლებლობა ექნება.
,,ოთახების შექმნის ძირიათადი ფუნქციაა, ქალბატონებმა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა შეხვედრაში და ჩაერთონ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. სოფლებიდან ჩამოსულ ქალბატონებს ექნებათ საშუალება, რომ დაისვენონ ამ ოთახში, სანამ შეხვედრა ექნებათ რომელიმე სტრუქტურის წარმომადგენელთან“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი გოგილაშვილმა.
სარემონტო სამუშაოებს შვეიცარიული კომპანია „ჰექსეფერი“ პროექტის „ მოლი კახეთის“ ფარგლებში აფინანსებს.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ შექმნასთან დაკავშირებით, გუბერნატორის ადმინისტრაციაში თანამშრომლობის მემორანდუმი 4 ოქტომბერს გაფორმდა.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციების თანახმად, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ეფექტურად უნდა იმუშაოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში შერჩეული ქალბატონები გადამზადდებიან, ასევე, ოთახები გარემონტდება და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება. ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდა კომუნიკაცია და პროექტი განხორციელების ფაზაში გადადის“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
,,ქალთა ოთახები“ რეგიონში ყველა მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში გაიხსნება.