პატარძეულის რაგბის გუნდები გერმანიის ტურნირში მონაწილეობენ
“პატარძეულის“ გუნდებმა, რომელთა შემადგენლობაში შედიან 14, 16 და 18 წლის სპორტსმენები, მიწვევა „ბერლინის რაგბის კლუბისგან“ (Berliner Rugby Club) მიიღეს.
„ბერლინში სპორტულ-კულტურული პროგრამით 34 მოთამაშე მიგვყავს. 18-წლამდე მორაგბეთა გუნდს ზაურ შაქარაშვილი, ხოლო 16 და 14-წლამდე გუნდს გიორგი ქვლივიძე გაწვრთნის. ამ ვიზიტს ჩვენი კლუბის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობით, როგორც სპორტსმენები, ასევე მწვრთნელები, უდიდეს გამოცდილებას იძენენ და ჩვენს რეგიონში რაგბის პოპულარიზაცია იზრდება. გაზაფხულზე ბაქოში ვიყავით, რის შემდეგაც რაგბის თამაშის სურვილი ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა და დარწმუნებული ვარ ბერლინში ვიზიტს არანაკლები შედეგი მოყვება“, – აცხადებს „ვეფხვების“ მენეჯერი სანდრო პავლიაშვილი.
პატარძეულელი ახალგაზრდა სპორტსმენები გერმანიაში ბერლინის რაგბის კლუბის წევრთა ოჯახებში იცხოვრებენ. ვიზიტის ფარგლებში, 7-კაცას ტურნირის გარდა, დაგეგმილია ამხანაგური მატჩები ადგილობრივ კლუბებთან, ექსკურსიები და გასართობ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.
შემოდგომაზე იგეგმება ბერლინის რაგბის კლუბის გუნდების მოწვევა კახეთში.