თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მეზობლები ხელახლა დაიკითხებიან
როგორც knews.ge-ს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, პროკურატურამ ოჯახის წევრები და მეზობლები პირველად საავადმყოფოში დაკითხა, როცა ისინი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე მათი თავიდან დაკითხვა.
“გვინდა ხელახლა დაიკითხონ ოჯახის წევრები, მეზობლები. ვინც ვერ ჩამოდის თბილისში, თელავის პროკურატურაში მიმდინარეობს მათი დაკითხვა. ოჯახი ჩამოვა თბილისში და პროკურატურა დაკითხავს თავიდან. ბუნებრივია ამ პროცესში მეც მივიღებ მონაწილეობას. თავიდან პროკურატურამ მეზობლები და ოჯახის წევრები დღეს დაკითხა. ისინი იმ დღეს შოკურ მდგომარეობაში იყვნენ და ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ხელახალი დაკითხვის წარმოება”, – განუცხადა knews.ge-ს კუბლაშვილმა.
ადვოკატი ასევე სპეცრაზმელების ჩვენებების გაცნობაზე პროკურატურის გადაწყვეტილებასაც ელოდება. თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს, დაიჭრა. მაჩალიკაშვილს ნეოქირურგიული ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმ დღესვე ჩაუტარდა. ის 28 დეკემბერს თბილისში, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში, გადაიყვანეს. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ ეტაპზე გამოძიებას აწარმოებს. პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ოთხ ბრალდებულს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.