სტატიები

ახმეტის საკრებულოში მმართველი პარტიის ფრაქციების შექმნას სასამართლოში გაასაჩივრებენ

 „ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციების კანონდარღვევით დარეგისტრირებაზე მიუთითებს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი შაქრო ტერტერაშვილი განმარტავს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორებისა“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნით საკრებულომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლი დაარღვია. 
„2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მონაწილეობდა, როგორც ცალკე პარტია. ყველა, რომელიც საკრებულოში შევიდა, ან იყო პარტია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული ან მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი უპარტიო წევრი. კანონის მიხედვით, ერთი პარტიის წევრები უნდა გაწევრიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში. პარტიის მიერ წარდგენილ უპარტიო წევრებს კი აქვთ უფლება გაერთიანდნენ მხოლოდ იმ ფრაქციაში, რომელიც ამ პარტიის წევრებმა შექმნეს. შესაბამისად მისი წევრები უნდა გაერთიანებულიყვნენ ერთ ფრაქციაში და არა სამში. ახმეტის გარდა, ეს მდგომარეობაა არა მარტო კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განუცხადა Knews.ge-ს შაქტრო ტერტერაშვილმა.
ახმეტის საკრებულოში მმართველი პარტიის ფრაქციების შექმნის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს მესამე სექტორიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, რატი თინიკაშვილის განმარტებით, საკრებულოში მმართველი გუნდის წევრებს ან ქართული ოცნების წარდგენით არჩეულ უპარტიო დეპუტატებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ ერთ ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.
“კანონში არის ჩანაწერი, რომ ერთსა და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში. ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც. ეს გულისხმობს იმას, რომ ერთი პარტიის წევრები ერთზე მეტ ფრაქციას ვერ შექმნიან. რაც შეეხება ქართული ოცნების წარდგენით არჩეულ საკრებულოს უპარტიო წევრებს, კანონის მიხედვით, ისინიც უნდა გაერთიანდნენ მხოლოდ ამ პარტიის წევრების მიერ შექმნილ მხოლოდ ერთ ფრაქციაში”, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას რატი თინიკაშვილი. 
ახმეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ლევან ითიურძე ირწმუნება, რომ წარმომაგენლობითმა ორგანომ აღნიშნული ორი ფრაქცია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად დაარეგისტრირა. 
“ფრაქცია “ქართული ოცნება კონსერვატორებისა” და “ქართული ოცნება მრეწველების” წევრები არ არიან პარტია „ქართული ოცნების“ წევრები. ისინი საკრებულოში შევიდნენ „ქართული ოცნების“ წარდგინებით. ისინი შედიან საკრებულოს უმრავლესობაში, მაგრამ არიან უპარტიო წევრები. მათ საკრებულოს იურიდიულ კომისიაში წარმოადგინეს ფრაქციის შექმნის შესაბამისი პლატფორმა. კომისიამ ფრაქციების დარეგისტრირებაზე იმსჯელა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული ორი ფრაქციის დარეგისტრირება იყო კანონთან შესაბამისობაში”, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ლევან ითიურიძე. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 31 წევრია. 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოში 21 წევრი მოხვდა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 მანდატი მოიპოვა, „ევროპულმა საქართველომ“ – 2, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კი 1 დეპუტატი ჰყავთ. საკრებულოს ორი წევრი დამოუკიდებელი მაჟორიტარია.
წარმომადგენლობით ორგანოში რეგისტრირებულია ხუთი ფრაქცია: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება – კონსერვატორები“, „ქართული ოცნება – მრეწველები“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სამართლიანობა“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ და „პატრიოტთა ალიანსისა“ წევრები.