ადვოკატები მაჩალიკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას გეგმავენ
როგორც knews.ge-ს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განუცხადა, მისი ორგანიზაცია სრტასბურგის სასამართლოსგან ითხოვს, შეაფასოს დაკავების სპეცოპერაციის ჩატარების კანონიერების საკითხი.
“ამ საქმეზე ჩვენ ვგეგმავთ საქმის წარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. გამოძიებამ უნდა შეაფასოს როგორ დაიგეგმა სპეცოპერაცია, როგორ წარიმართა და რამდენად იყო უზრუნველყოფილი სპეცოპერაციის დროს ძალის გამოყენება მინიმუმადე დაყვანილი. გამოძიებამ ასევე უნდა დადოს დასკვნა თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება რამდენად დროულად გაუწიეს. ეს არის ის საკითხები, როელებსაც ევროპული სასამართლო აუცილებლად შეაფასებს”,- განუცხადა knews.ge-ს მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ამავე დროს საქმის მასალებზე სრული წვდომის უფლებას. მიქელაძის განმარტებით, ორგანიზაცია მაჩალიკაშვილის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში გამოძიების წინაშე ოჯახის ინტერესებს წარმოადგენს.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნებია ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის მასალებზე სრულ წვდომაზე უფლების მოპოვება. ჩვენ ჩვენ სუს-ის გამოძიების მასალებზე და მტკიცებულებებზე წვდომა არ გვაქვს. ეს რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად აფერხებს საქმეში ადვოკატების ეფექტურ მონაწილეობას”, – აღნიშნა მიქელაძემ.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 3 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვ და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. მაჩალიკაშვილს ნეოქირურგიული ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. 28 დეკემბერს თბილისში, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში, გადაიყვანეს. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ ეტაპზე გამოძიებას აწარმოებს. პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ოთხ ბრალდებულს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.