ტყით სარგებლობის წესები მკაცრდება
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.
„ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით. ლევან დავითაშვილმა მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვანწილად აწესრიგებს ტყის გამოყენების წესებს, ამკაცრებს მას და ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას ნერგავს ჩვენს ქვეყანაში. ახალი წესები ტყისთვის მიყენებულ ზიანს შეამცირებს, ხელს შეუწყობს მდგრადი ტყის განვითარების პროცესს ქვეყანაში, მოემსახურება ორგანიზებული ტყით სარგებლობის განვითარებას, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რიცხვს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს საკითხი სამინისტროს პრეროგატივა არ არის და ადგილობრივი თვითმმართველობების და ძალოვანი უწყებების კოორდინებულ მუშაობას საჭიროებს, რათა ტყით უკანონო სარგებლობა დასრულდეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა გამარტივდება და ხელმისაწვდომი იქნება.
„ტყიდან ხე-ტყის ნარჩენის ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის ბრიკეტების, პელეტების და სხვა წარმოების მიზნით და ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემებს მოაგვარებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხანძრის პრევენციისთვის. ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე იწყებს გადასვლას ტყის ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით სარგებლობაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ეს მნიშვნელოვანწილად დაზოგავს ტყის ჯანსაღ რესურსს ქვეყანაში და ტყის აღდგენას შეუწყობს ხელს. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ის ზიანი, რაც გასული წლების განმავლობაში მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ზოგჯერ ავბედობით, ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებებით, გამოვასწოროთ და ჩვენს მომავალ თაობებს არ დავუტოვოთ ეს მემკვიდრეობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.