ახალი ამბები

“თელავის ღვინის მარანი” ნაფარეულში ვენახს ახალი ტექნოლოგიით გააშენებს

კომპანიის დამფუძნებლის, ზურაბ რამაზაშვილის თქმით, ნაფარეული ისტორიულად არის ცნობილი, სადაც მოდის კარგი ხარისხის ღვინო, როგორც თეთრი, ასევე წითელი. 
,,ჩვენ ამ ნაკვეთში ვენახს ახალი ტექნოლოგიებით და ახალი ცოდნის გათვალისწინებით გავაშენებთ. კომპანიები კახეთში ვენახებს ძირითადად ისტორიული, მამაპაპური გამოცდილების შესაბამისად ვაშენებთ და არ ვითვალისწინებთ იმ თანამედროვე გამოცდილებას, რომელიც ამ ეპოქამ მოგვცა. ჩვენ გვინდა, სწორედ ეს ახალი ნოვატორული იდეები გამოვიყენოთ ვენახის გაშენებაში, ეს ეხება როგორც საძირის შერჩევას, ასევე კონკრეტული ჯიშის კლონის შერჩევას, კონკრეტული ნიადაგობრივი და კლიმატური პირობების გათალისწინებით. ამ ეტაპზე კომპანია კახეთში 330 ჰექტარ ვენახს ფლობს, აქედან 300 ჰექტარზე მოწყობილი აქვს წვეთობრივი ირიგაციის სისტემები, რომლებიც მთლიანად ავტომატიზირებულია. ეს არის ელექტრონული სისტემა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის ჩარევის გარეშე განსაზღვრავს წყლის იმ რაოდენობას, რომელიც ვენახს სჭირდება და შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის ამის შესახებ, შემდეგ უკვე ოპერატორი გადაწყვეტს, თუ რა რაოდენობის წყალი მიაწოდოს ვენახს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კლიმატური ცვლილებების დროს, რომლის მომსწრენიც ამ ბოლო დროს ვართ”,- განაცხადა ზურა რამაზაშვილმა. 
“თელავის ღვინის მარანმა” გასულ წელს ვენახებში საირიგაციო სისტემების მოწყობაში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. კომპანიამ წელს რთველზე 6 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავა, საიდანაც 50%-ზე მეტი საკუთარ ვენახებიდან მოწეული მოსავალი იყო.