ახალი ამბები

მთავარი პროკურორი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 
მისი მტკიცებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს. 
„მე, ზოგადად, ყველასთან ვარ მზად, რომ მქონდეს შეხვედრა. ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს გამოძიების მასალებთან სრული წვდომა და ისინი ინფორმირებულნი არიან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, თუმცა ჩასატარებელია სხვა საჭირო საგამოძიებო მოქმედებებიც, დანაშნულია ექსპერტიზები და ველოდებით მათ შედეგებს. რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი შოთაძემ.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 3 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვ და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. მაჩალიკაშვილს ნეოქირურგიული ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. 28 დეკემბერს თბილისში, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში, გადაიყვანეს. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ ეტაპზე გამოძიებას აწარმოებს. პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ოთხ ბრალდებულს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.