ბაზარზე ბრაილის შრიფტიანი ქართული ეტიკეტის ღვინო გამოჩნდება
არსებული ინფორმაციით, პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან საქართველო პირველია, სადაც მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის ბრაილის შრიფტიანი ღვინის ეტიკეტიანი ბოთლები ბაზარზე გამოჩნდება.
ინიციატივა აიპი ორგანიზაცია „მომავლის სოფელს“ ეკუთვნის, ბრაილის შრიფტიანი ღვინო კი კომპანია „ნავაზელმა“ ჩამოასხა.
როგორც knews.ge–ს “მომავლის სოფელში” განუცხადეს, ბრაილის შრიფტიანი ეტიკეტით პირველად „საფერავი“ გაიყიდება და ღვინის მაღაზიებში ის 1-ლი თებერვლიდან გამოჩნდება.
“ეს არის ინოვაცია, რომ მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის ბრაიილის შრიფტიანი ქართული ეტიკეტის ღვინო გაიყიდება. ბრაილის შრიფტის საშუალებით ისინი თავად გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას ღვინის შესახებ. პოსტსაბჭოურ სივრცეში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ბრაილის შრიფტიანი ღვინო გაიყიდება, მსოფლიოში კი ამ ეტიკეტით ღვინის ჩამოსხმის რამდენიმე პრეცედენტი უკვე არსებობს. ეს ინიციატივა ჩვენ გვეკუთვნის. ღვინო ბაზარზე გასაყიდად 1 თებერვლიდან გამოვა”, – განუცხადეს knews.ge–ს “მომავლის სოფელში”.