სტატიები

კრიტიკული შეუსაბამობების მიუხედავად გურჯაანის ბაზარში ხორცი და ყველი მაინც იყიდება

აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ შეძლებისდაგვარად შეუსაბამობები უკვე აღმოფხვრეს. 
ისინი ირწმუნებიან, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მათთვის საქმიანობის შეწყვეტა არ მოუთხოვია.
,,ყველს ვყიდი, მოვიდნენ და შეამოწმეს, რაც უნდოდათ დაწერეს, მომცეს შენიშვნებიც. როგორც შევძელი ისე მოვაწესრიგე დახლი, ახლა უფრო მეტად სისუფთავეა. რაც მომთხოვეს გავაკეთე და რატომ უნდა შემეწყვიტა საქმიანობა’’,– განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის აგრარული ბაზრის ერთ–ერთმა გამყიდველმა. 
გურჯაანის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარი 1000 ლარით დააჯარიმა, ინდ.მეწარმეებს კი პრობლემების გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მიეცათ. ბაზრის დირექტორი ლამარა აკოფაშვილი მიუთითებს, რომ სააგენტოსგან ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ და სათანადო ზომებს შესაბამისი აქტის ჩაბარების შემდეგ გაატარებენ.
,,სურსათის ეროვნული სააგენტოდან ჩვენამდე ჯერ ოფიციალური დოკუმენტი არ მოსულა. როდესაც მოვა აქტი, რომელიც დაიწერა, მაშინ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს. ხალხი, რომელიც აქ ვაჭრობს, ისეთი გაჭირვებულია, ერთი დღეც რომ არ ივაჭრონ მშივრები დარჩებიან. როგორც კი დოკუმენტი მოვა, დავიწყებთ და საჭირო ღონისძიებებს გავატარებთ. ბაზრის მფლობელებსა და ინდ. მეწარმეებს შორის გარკვეული სამართლებრივი დაპირისპირება წლებია გრძელდება, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ გარკვეული საკითხები ვერ გვარდება სასამართლოს დასრულებამდე’’,– აღნიშნა ლამარა აკოფაშვილმა.
ადგილობრივები კი ჩივიან, რომ რამდენიმე ათეული წელია, რაც გურჯაანის აგრარულ ბაზარში ანტისანიტარიაა და ინფრასტრუქტურა მოუწყობელია. ისინი მიიჩნევენ, რომ ბაზარში სურსათის უვნებლობის შესაბამისი ელემენტარული სტანდარტები უნდა იყოს დაცული. 
,,რამდენჯერაც შევსულვარ ბაზარში სულ ცუდი სუნია და ანტისანიტარიაა. ხან არაფერი მიყიდია ისე გამოვსულვარ. აუცილებელია ბაზარში, სადაც ამდენი სახის პროდუქტი იყიდება, ელემენტარული პირობები მაინც იყოს შექმნილი. ხორცი და ყველი მაცივარში უნდა იყოს და არა გარეთ დახლზე. ვფიქრობ ეს ის საკითხია, რომელიც უნდა მოგვარდეს აუცილებლად, რათა თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და ვიცოდეთ, რომ სუფთა პროდუქტს ვყიდულობთ’’,– განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანელმა გივი მამნიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამსახურმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცისა და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აგრარულ ბაზარში ჩატარებული შემოწმების შედეგად , კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. უწყების ინფორმაციით, ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება.