თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რადგან ის განზრახ მოკლეს.
მაჩალიკაშვილი, ასევე, მთავარ პროკურორთან შეხვედრას და მისთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებს ოჯახთან ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ნეოქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ის წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის თბილისის კლინიკურ საავადმყოფოში 28 დეკემბერს გადაიყვანეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გამთენიისას გარდაიცვალა.
ფოტო: რეზონანსი