ახალი ამბები

ყვარელში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომაქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის ქალბატონი. მძიმედ არიან დაშავებულები გარდაცვლილის შვილი და რძალი. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელსაც დახმარება მედიკოსებმა ადგილზე ჩაუტარეს. 
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, რის გამოც იგი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.