ახალი ამბები

პანკისის ხეობის უხუცესები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

,,დაუყონებლივ უნდა შევხვდეთ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რადგან გამოძიება არ გაჭიანურდეს და ობიექტურად წარიმართოს. რატომ გახდა აუცილებელი სროლის განხორციელება მაჩალიკაშვილის მისამართით და რა შედეგი დადო გამოძიებამ”, – განუცხადა knews.ge–ს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ გუმაშვილმა. 
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრასაც ითხოვდა. სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 3 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვ და ბადურ ჩოფანაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. მაჩალიკაშვილს ნეოქირურგიული ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. 28 დეკემბერს თბილისში, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში, გადაიყვანეს. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ მაცალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. სპეცრაზმის წევრების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ოთხ ბრალდებულს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.