ახალი ამბები

ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

ფერმერთა ადვოკატის, ირაკლი უტიაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე მეორეჯერ დამტკიცდა, რომ სახელმწიფომ ფერმერები სიმინდის უხარისხო თესლით მოამარაგა და დააზარალა. 
,,ფერმერთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კონკრეტულად კი 4 ფერმერი თესლში გადახდილი თანხის გარდა, ზარალისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას ითხოვდა, რომელიც საერთო ჯამში 131 000 ლარს შეაადგენდა. სასამართლომ კორპორაციას ფერმერებისთვის მხოლოდ თესლში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა, რაც 86 000 ლარს შეადგენს”,– განაცხადა ირაკლი უტიაშვილმა.
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ასეულობით ფერმერს სიმინდის თესლი მიჰყიდეს. ფერმერთა ნაწილმა მოსავალი ვერ მიიღო, რადგან უხარისხო აღმოჩნდა, რაც ლაბორატორიულადაც დამტკიცდა. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. კორპორაცია გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. 
,,პროექტის ფარგლებში 3 847 092 ლარის ღირებულების სიმინდის თესლი გაიყიდა, საიდანაც სასამართლო და სააღსრულებო პროცესების დაწყებამდე ფერმერთა მიერ ჩარიცხულმა თანხამ (მათ შორის საბანკო გარანტიით მიღებულმა თანხამ) შეადგინა 3 462 825 ლარი”,– განუცხადეს Bm.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.