განათლების სამინისტრომ ყარაჯლელი მოსწავლისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვა ლეგიტიმურად მიიჩნია
სამინისტროში განმარტავენ, რომ ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე სკოლაში განხორციელდა ინსპექტირება, რომლის საფუძველზეც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის მხირიდან მოსწავლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა არ დადგინდა.
,,სოფელი ყარაჯალა ეთნიკურად აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. სოფელში ერთადერთი საჯარო სკოლაა, რომელშიც 800-მდე მოსწავლე ირიცხება. სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილეც თავს ისლამის აღმსარებლებად მიიჩნევენ. ა. ა 12 წლის არის და მე-7 კლასის მოსწავლეა, მან თავსაბურავის ტარება 2017 წლის ზაფხულში გადაწყვიტა. სკოლის დირექტორის განმარტებით, მან ა. ა თავსაფრით პირველად სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 14 სექტემბერს ნახა, როდესაც იგი სახელმძღვანელოების წასაღებად მივიდა სკოლაში. დირექტორმა იმ დღესვე ჰკითხმა მოსწავლეს, თუ რატომ ეხურა თავსაფარი. როგორც დირექტორი TDI-ისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნვს, ა.ა-მ უპასუხა, რომ ეს მამამისის გადაწყვეტილება იყო. თუმცა, მოსწავლის მშობელმა თ.ა-მ TDI-სთან საუბარში გამორიცხა რაიმე სახის ზეწოლა მოსწავლეზე და აღნიშნა, რომ ეს იყო მისი შვილის გადაწყვეტილება. ასევე დამატებით განმარტა, რომ, ა.ა რელიგიურ ოჯახში იზრდება, სადაც სისტემატურად ლოცულობენ, კითხულობენ ყურანს და შესაბამისად, ბუნებრივად მიიჩნევს, რომ მისმა შვილმა თავსაბურავის ტარება გადაწყვიტა. თავად ა.ა-მ TDI-ის განუმარტა, რომ თავსაბურავის ტარების გადაწყვეტილება მან საკუთარი სურვილით, ყურანის წაკითხვის შემდეგ მიიღო’’, – აცხადებენ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ მის მიერ სკოლაში თავსაბურავის ტარების აკრძალვა ეფუძნებოდა რამდენიმე გარემოებას. ორგანიზაციის განმარტებით, დირექტორი ფიქრობს, რომ თავსაბურავი ჩაგვრის ინსტრუმენტია და ის არ წარმოადგენს ისლამის სიმბოლოს, რადგან სოფელ ყარჯალაში ქალები ჰიჯაბს არ ატარებენ.
,,სკოლის დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თავსაბურავის აკრძალვის საფუძველი იყო სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, აკრძალულია სკოლის შენობაში ქუდის, კეპის, ბენდენის, შარფის და ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება. გარდა ამისა, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოები არ უნდა იყოს გამოფენილი არააკადემიური დანიშნულებით. დირექტორის ინტერპრეტაციით, თავსაფარი გაიგივებულია იმ რელიგიურ ატრიბუტიკასთან, რომლის განთავსებაც სკოლაში კანონით აკრძალულია. მშობლის- თ.ა-ს განმარტებით, სექტემბერში, სასწავლოო პროცესის დასაწყისში, მოსწავლე თავსაბურავით დადიოდა სკოლაში, ხოლო დირექტორი არ უშვებდა გაკვეთილებზე და მოსწავლეც იძულებული იყო სახლში დაბრუნებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა არ დაადგინა დირექტორის მხრიდან თავსაბურავის აკრძალვის ფაქტი, მითითება გააკეთა სკოლის შინაგანაწესში არსებულ ჩანაწერზე, რომლითაც ”აკრძალულია სკოლის შენობაში ქუდის, კეპის, ბენდენის, შარფის და ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება”. სამინისტრომ მოსწავლის რელიგიის თავისუფლებაში ჩარევისათვის ლეგიტიმურ საფუძვლად მიიჩნია აღნიშნული ჩანაწერი. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ხელახლა შეისწავლოს სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში არსებული საქმის გარემოებები და მხოლოდ ფაქტების სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება; შეიმუშავოს ერთიანი, არადისკრიმინაციული და მოსწავლის რელიგიის თავისუფლებაზე ორიენტირებული მიდგომა მოსწავლეების მიერ რელიგიური ატრიბუტიკის ტარებასთან დაკავშირებით; მიმართოს საჯარო სკოლებს, კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ სკოლის შინაგანაწესი, გადაამზადოს სკოლის დირექტორები ადამიანის უფლებების, თანასწორობის, მულტიკულტურული მახასიათებლების აღქმისა და ტოლერანტობის საკითხებზე’’,– აცხადებენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტში.