რძის მწარმოებელი კოოპერატივების პროგრამაში რეგისტრაცია გამოცხადდა
რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge -ზე, 25 იანვრიდან 1 მარტამდე იქნება შესაძლებელი. სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა, ცხვარი) დარგის კოოპერატივების ხელშეწყობას.
“სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას. თუ კოოპერატივის ან/და მის მეპაიეების საკუთრებაშია არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), მას გადაეცემა 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა. სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდა კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები. მეცხვარეობის კოოპერატივებს თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაეცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 2000 სული ცხვარი (ნერბი)“, – განაცხადეს კოოპერატივების განვითარების სააგენტოში.
უწყების ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საშუალება ეძლევათ, აწარმოონ რძე სტანდარტების დაცვით. რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.